„შიდა განვადებების გამო პროდუქციაზე ფასები არ გაძვირდება,“ - ამის შესახებ „ტექნო ბუმის“ დამფუძნებელმა ანზორ ქოქოლაძემ, გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა.
ქოქოლაძის თქმით, შიდა განვადებების სისტემა დღევანდელ კანონმდებლობასთან აბსოლუტურ თანხვედრაშია, თუმცა მას მოლოდინი არ აქვს, რომ სისტემა ბაზარზე არსებულ მდგომარეობას შეცვლის.
„შიდა განვადება ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი პროდუქტია, თუმცა მოლოდინი არ გვაქვს, რომ შიდა განვადება სურათს რადიკალურად შეცვლის, რათა რეგულაციამდე არსებული მდგომარეობა აღდგეს.
ჩვენ შიდა განვადებების სისტემა ეროვნულ ბანკთან გადავამოწმეთ და ამ საკითხზე ნებართვის აღებაზე არანაირი აუცილებლობა არ არსებობს“ - განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, თუ კომპანიების მიერ შეთავაზებული ახალი ტიპის პროდუქტებს სესხის სახე ექნება, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ მათზეც რეგულირების ის პირობები გავრცელდეს, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს.
ქოქოლაძეს იმედი აქვს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დადგება.
"ჩვენ გაუაზრებელი გადაწყვეტილებების შიში გვაქვს. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რეგულაცია ეკონომიკურ ტემპს არ ზრდის, პირიქით, ასუსტებს. ქვეყანა იძულებულია აუცლებელი რეგულაციები მიიღოს, მაგრამ, ეს თუ თვითმიზანი გახდა, რაც შეიძლება მეტი რეგუალცია შემოიღონს ეს სიღარიბეს გაზრდის,“ - აღნიშნავს ქოქოლაძე.
ცნობისთვის, 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს სასესხო ბაზარზე ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ბანკებს მოქალაქეთა შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემა მკვეთრად შეეზღუდათ. ცვლილებამ ყველაზე მეტად გავლენა მცირე ზომის სამომხმარებლო სესხებზე მოახდინა.
2019 წლის პირველ კვარტალში 5000 ლარამდე მოცულობის სესხების გაცემა წინა წელთან შედარებით 25.7%-ით ანუ 406 მილიონი ლარით შემცირდა.
ამ ცვლილებაზე საპასუხოდ, ბიზნესი თავად გეგმავს საბანკო ფუნქციების შეთავსებას. დეველოპერული კომპანიები, ასევე ელექტროტექნიკის მაღაზიები ახალი მექანიზმების შექმნას გეგმავენ, რათა მომხმარებლებს საგანვადებო სესხის მსგავსი პროდუქტი შესთავაზონ.

























