მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაასაჩივრებს თუ არა "ეი პი ემ ტერმინალს ფოთი" თურნავას უწყების მიერ გაუქმებულ ბრძანებას?

5cf7e70730d6f
ელენე გოგბერაშვილი
05.06.19 22:00
1200
„ეი პი ემ ტერმინალს ფოთი“ ეკონომიკის სამინისტროს მიერ მისი სსიპ-ის, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების ბრძანების გაუქმებას არ ეთანხმება და არ არის გამორიცხული, პორტმა ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყოს.

კომპანიამ რამდენიმე დღის წინ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ პორტის მენეჯმენტი ყურადღებით ადევნებს თვალყურს 2019 წლის 2 მაისის ბრძანების გაუქმებასთან დაკავშირებულ მოვლენებს და ამჟამად ხდება მათი მხრიდან საფუძვლიანი გაანალიზება აღნიშნული ბრძანების გაუქმების გადაწყვეტილების და მიმდინარეობს განხილვა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების, რომელსაც შესაძლოა პორტმა მიმართოს.

როგორც „ეი პი ემ ტერმინალს ფოთში“ bm.ge-ის განუცხადეს, არსებობს ვადები, რომლის ფარგლებში კომპანიამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, როგორც იმოქმედებს. ეს დრო კი, ბრძანების გაუქმებიდან ერთ თვეში იწურება.

„ჩვენ თავისთავად ალბათ უნდა გავასაჩივროთ. ახლა ანალიზის პროცესში ვართ. გვაქვს ვადები, რომელშიც უნდა ჩავეტიოთ. უნდა მივხვდეთ რა იყო პრობლემა. ჩვენი მხრიდან დარღვევევბი არ იყო, ბრძანებაში იყო რაღაც დარღვევა.

შევისწავლით და შესაბამაისად ვიმოქმედებთ სამართლებრივ ჩარჩოებში. იურისტები არიან დაკავებული ამ საკითხით. ბრძანების გაუქმების დოკუმენტში ერთი თვეა მითითებული, რა დროშიც პასუხით უნდა დავუბრუნდეთ იმ ორგანოს, რომელმაც ჯერ მოგვცა და შემდეგ გაგვიუქმა ნებართვა“, - აცხადებენ პორტის მენეჯმენტში.

შეგახსნებთ, სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 2 მაისის ბრძანებით, კორპორაცია “ფოთის საზღვაო ნავსადგურს” დაუმტკიცდა საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი ნავასდგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით მაისის ბოლოს გაუქმდა;

ეკონომიკის სამინისტროს მტკიცებით, რადგან სააგენტოს გადაწყვეტილება სამინისტროსთან და მთავრობის სხვა წევრებთან შეთანხმებული არ ყოფილა, სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები