"გააშუქოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩვენი პრობლემები" - შუქრუთელები საპროტესტო მსვლელობას ამ მიზნით საზმაუსკენ მართავენ.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" უზრუნველყოს მოდერაცია და პირდაპირ ეთერში შეხვედრა შუქრუთელების კომპანიასთან.
ამდენი ხნის განმავლობაში ეს ხალხი უყურადღებოდ არის და მათ შორის უყურადღებოდ არის "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მხრიდან. კომპანიამ გაავრცელა განცხადება რომ მათ რაღაც არგუმენტები აქვთ და თუ არგუმენტები აქვთ შეუძლიათ მობრძანდნენ და პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უზრუნველყოს მოდერაცია. ამ შემთხვევაში მათ მაინც არ ექნებათ იმის განცდა რომ სადღაც ის რადიკალები იმალებიან", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
შუქრუთელები უკვე 190 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზისგან" მათთვის მიყენებული ზიანის სამართლიან ანაზღაურებას ითხოვენ.
კერძოდ, შუქრუთელები ამბობენ, რომ "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები, ამიტომ ისინი ზარალის ადეკვატურ ანაზღაურებას მოითხოვენ, რომელიც სოფელს კომპანიის საქმიანობის შედეგად მიადგა. უკვე 20 დღეზე მეტია რამდენიმე ადამიანი შიმშილობს, ხოლო 5 მათგანს პირი აქვს ამოკერილი.