პოზიცია უნდა დააფიქსიროს პასუხისმგებლობიანმა ბიზნესმა. ჩვენ, არ ვართ "ცეხავიკები". აქციებზე დგას ქვეყნის ინტელექტუალური ნაწილი, საზოგადოება, რომელიც ყოველდღე ქმნის ქვეყნის უკეთეს მომავალს - ამის შესახებ, ვალერი ჩეხერიამ BMGtv-ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულის" სპეციალურ ეთერში განაცხადა.
Salt Projects-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ახლა, გაჩუმება ღალატის ტოლფასია.
"იმის გარდა, რომ ძალიან გაბრაზებულები ვართ, გარდა იმისა, რომ ჩვენს ღირსებას ეხებიან, ორი მთავარი მიზეზი მაქვს, რატომ მოვედი აქ.
პირველი, მინდა შევახსენო ბიზნესს, ყველა ჩვენს კოლეგას, რომ ჩვენ გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც გამოიხატება ზუსტად ამაში. პასუხისმგებლობიანმა ბიზნესმა, უნდა ამოიღოს ხმა, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. ჩვენ, არ ვართ "ცეხავიკები".
აქ, აქციებზე დგას ქვეყნის ინტელექტუალური ნაწილი, საზოგადოება, რომელიც ყოველდღე ქმნის ქვეყნის უკეთეს მომავალს. უამრავ ადამიანს ვხედავ, რომლებიც შეიძლება ეთერებში არ ჩანან, თუმცა აქ დგანან ადამიანები, რომლებიც ქმნიან და აწარმოებენ. ქვეყნის მთელი ინტელექტი.
მეორე არის ის, რომ მოტივაცია მივცეთ ყველას ჩვენი აქ ყოფნით. იმედი მაქვს, ადამიანები რომლებიც ხმას ამოიღებენ, დაემატებიან ამ სტუდიას და ამ ეთერს. ახლა, გაჩუმება ღალატის ტოლფასია", - განაცხადა ჩეხერიამ bm.ge-ის ეთერში.
შეგახსენებთ: საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ. 10 დღის განმავლობაში განმავლობაში სპეცრაზმმა საპროტესტო აქცია არაერთხელ დაარბია - გამოიყენეს როგორც ცრემლსადენი გაზი, ისე ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. გუშინ, 7 დეკემბერს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს თავს დაესხნენ ნიღბიანი პირები. ამ დრომდე დაპატიმრებულია 400-მდე აქტივისტი. არც ერთი სამართალდამცველის, ან აქციის მონაწილეზე თავდამსხმელის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დამდგარა.