მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გადაამოწმეთ სურსათის უვნებლობის სტანდარტები თქვენი უბნის მაღაზიაში - ახალი აპლიკაცია მომხმარებლისთვის

57fb6092cf52c
სალომე მეცხვარიშვილი
10.10.16 19:00
3521
რამდენადაა სურსათის უვნებლობის მოთხოვნები დაცული თქვენს ქუჩაზე მდებარე მარკეტში, საყვარელ კაფეში, თუ რესტორანში, თქვენი შვილის საბავშვო ბაღში, ან სკოლის ბუფეტში, ან კიდევ იმ საწარმოში, რომლის პროდუქციასაც ხშირად ყიდულობთ? - ამის გარკვევის შესაძლებლობას მომხმარებლებს უახლესი აპლიკაცია აძლევს, რომელიც „ევროპის ფონდმა“ შექმნა.

აპლიკაცია სახელწოდებით „სურსათის უვნებლობა“ საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ ჩატარებულ ინსპექტირებებს ეყრდნობა და მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას რამდენად არის დაცული სურსათის უვნებლობის ნორმები ამა თუ იმ სასურსათო ობიექტში.

აპლიკაცია ჯერჯერობით ანდროიდის სისტემაზე მომუშავე მობილური ტელეფონებისთვის არის განკუთვნილი და თბილისის მონაცემებს მოიცავს. სამომავლოდ, აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელი გახდება ინფორმაციის მიღება რეგიონებში არსებულ სურსათის ობიექტებზეც.

როგორც „ევროპის ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის თანაშემწე ლელა ბერძული „ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებს, აპლიკაცია დაახლოებით 1 კვირაა რაც გაეშვა და უკვე ასეულობით ჩამოტვირთვა აქვს.

მისი თქმით, საქართველოში მოქალაქეების უმეტესი ნაწილი ანდროიდის სისტემაზე მომუშავე ტელეფონს ფლობს, შესაბამისად, პროგრამის შემქმნელებმა აპლიკაცია ანდროიდის სისტემაზე მოარგეს.

„იმის მიხედვით, რამდენად მოხმარებადი იქნება აპლიკაცია, შევეცდებით გავითვალისწინოთ IOS-ის მომხმარებლებიც“,- აცხადებს ლელა ბერძული.
აპლიკაცია „ევროპის ფონდის“ პროექტის „ევროკავშირთან დაახლოების გამჭივრვალე პროცესი სანიტარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვაში“ ფარგლებში შეიქმნა.

პროგრამის ჩამოტვირთვა Google Play-ს მეშვეობით არის შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები