უწყვეტი პროტესტის 333-ე დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა.
რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.
პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდნენ რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით მოსული აქციის მონაწილეებიც.
ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები და წარმომადგენლები. აქციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა.
ლევან ცუცქირიძე
„ჩვენ გვჭირდება, რომ საქართველოს მოქალაქეების კიდევ უფრო დიდმა რაოდენობამ გადაწყვიტოს, რომ ჩვენ აღარ და ვეღარ ვიცხოვრებთ ძველებურად მანამ, სანამ არ აღვადგენთ დემოკრატიას ამ ქვეყანაში, არ გავათავისუფლებთ უდანაშაულოდ დაპატიმრებულ ადამიანებს და არ ჩავატარებთ ნამდვილად თავისუფალ არჩევნებს.
ამისთვის მინდა შემოგთავაზოთ, რომ თითოეულმა მოქალაქემ დაამკვიდროს ერთგვარი ახალი, დემოკრატიული რიტუალი, რომელსაც ჯიუტად შევასრულებთ მანამ, სანამ ჩვენი მიზნები არ იქნება მიღწეული. შემიძლია ამ რიტუალისთვის სამი რამ შემოგთავაზოთ:
- თითოეულმა მოქალაქემ კვირაში ერთი დღე მაინც აუცილებლად გაატაროს რუსთაველზე, საპროტესტო კერაზე ან სხვა ქალაქებში;
- მხარი დაუჭირონ და დავაფინანსოთ ის მამაცი ადვოკატები, იურისტები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლებიც იცავენ მართალ ადამიანებს და მათი ბრძოლის წყალობით მართალი სიტყვა ჯერ კიდევ ისმის ქვეყანაში;
- შევუერთდეთ და გავაძლიეროთ დემოკრატიული, პატრიოტული, სამოქალაქო და პოლიტიკური ძალები იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი დემოკრატიის ფუნდამენტი ახლავე ჩავყაროთ და ის ისეთი ძლიერი იყოს, რომ ვერცერთმა ავტოკრატმა ვეღარ შეარყიო".
განაცხადა ცუცქიცირიძემ, რომელმაც იქამდე თქვა, რომ დეტალურ გეგმას ხვალ, 12:00 საათზე ბრიფინგზე გაასაჯაროებენ.
სალომე ზურაბიშვილი
"1 წელი გავიდა, ერთი რუსული სცენარიდან მეორე რუსულ სცენარამდე. 4 ოქტომბერს რეჟიმმა სცადა ხალხი შეეტყუებინა აბსურდულ სცენარში, რომელიც მხოლოდ რუსულ სპეცსამსახურების ტვინში შეიძლება ყოფილიყო მოხარშული. ქართველი ხალხი ბრძენია, იცის, როგორ უნდა მიიყვანოს ეს ერთწლიან ბრძოლა ბოლომდე.
რა გამოჩნდა 1 წლის განმავლობაში? გამოჩნდა, რომ ქართველი ხალხის მხარეს არის არნახული სოლიდარობა. საკმარისია ნახოთ, რა სისწრაფით გროვდება დახმარება ჯარიმებისთვის, რათა არავინ დარჩეს დაუცველი ამ უსამართლობის წინაშე. საკმარისია ნახოთ ყოველივე სასამართლოზე ადამიანები, რომლებიც იქ დგანან, მიდიან, არავის ტოვებენ მარტო. სამაგიეროდ, ამ რეჟიმის წარმომადგენლები როდესაც არიან ციხის წინ და სასამართლოზე, მარტო არიან, არავინ დგება მათ გვერდით. არავინ უცხადებს სოლიდარობას, თუნდაც პოსტებით. მარტო არიან, საზოგადოების მხარეს არის სოლიდარობა, თანაგრძნობა, რომელიც რეჟიმმა გამოაცხადა, როგორ არალეგალური, ნულოვანი თანაგრძნობაა. ხალხში არის ერთიანი ბრძოლა. ჟურნალისტები, რომლებიც ბოლომდე იბრძვიან ძალიან დიდი საფრთხეები წინაშე, დღეს ციხეში არიან. მზია ამაღლობელის სახელი, ყველა ჩვენი ჩვენი ჟურნალისტების სახელით საზღვრებს იქით გავიდა. არამხოლოდ ჟურნალისტები, ადვოკატები და იურისტები 1 წლის განმავლობაში სრულიად უანგაროდ ემსახურებიან სხვებს, ადამიანებს, რომლებიც უსამართლობის მსხვერპლი არიან. ეს არის ძალა საზოგადოების. პატრიოტიზმი ამ ხალხის მხარეს არის, რომელიც აქ დგას, ამ დროშების უკან. რეჟიმი არის რუსეთის მხარე, რომელსაც შემოჰყავს რუსული სანქცირებული გემი, შემოაქვს რუსული ნავთობი ნავთობი გადასამუშავებლად“.
გიგა ბოკერია
„საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ერთი გზავნილი, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს საკუთარი ფულისა და ძალაუფლების გამო, ღალატობს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, და კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულში არის ჩაფლული, არ შეეგუება იმას, რომ ძალაუფლება უნდა დათმოს და საზოგადოებას დაემორჩილოს. ეს არის აუცილებელი ჩვენი სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის გადასარჩენად, თავისუფლების დასაცავად ჩვენი ქვეყნის შიგნით. ამ ყველაფრის საფრთხეა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. პროტესტი გაგრძელდება და გაფართოვდება იქამდე, რაც აუცილებელია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან შესაგუებლად“.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები უწყვეტად 333 დღეა გრძელდება.




























