„გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 15 უცხოური პროექტი განხორციელდა. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.
2018 წლის ივნისის თვის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შესულია 15 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 9 ფილმზე, დამატებით 6 ფილმზე კი გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს. შემოსული პროექტებიდან ექვსი ინდური მხატვრული ფილმია, ერთი ქართულ-იტალიურ-ფრანგული კოპროდუქცია, ერთი ქართულ-ამერიკულ-ნორვეგიული, ერთი ქართულ-ფრანგული, ერთი ქართულ-ბრიტანული, ერთი ქართულ-ირლანდიური, ერთი ქართულ-გერმანულ-ფრანგული, ერთი ქართულ-ამერიკული, ერთი ქართულ-თურქული, და ერთიც კი ქართულ-ჩინური.
აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამურად 26 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას კი დასაქმებულთა რაოდენობა 2 000 ადამიანს შეადგენს.
კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით.