"გადაიღე საქართველოში" ფარგლებში ამერიკული ფილმის, "კლოუნის" გადაღებები მიმდინარეობს
BM.GE
15.09.16 16:59
• 1386
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი, ახალი, რიგით მეოთხე პროექტი ხორციელდება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ახალი პროექტის, ამერიკული დრამის „კლოუნის“ გადაღებები საქართველოსა და ნორვეგიაში განხორციელდება და გადაღებების პროცესი 8 თვის განმავლობაში, 2016 წლის 8 აგვისტოდან, 6 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოში გადასაღებ მოედნად თბილისისა და რუსთავის ტერიტორიები შეირჩა.
ფილმში ერთ-ერთი მთავარ როლს ცნობილი მსახიობი, ლილი კოლინსი ასრულებს. მხატვრული ფილმის რეჟისორი (Anthony Lucero) ქართულ საპროდიუსერო კომპანია „მისთი დონისთან“ აქტიურად ითანამშრომლებს.
ფილმის გადაღებების ფარგლებში საქართველოში 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, რომელშიც უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად ქართველი მსახიობები - ნუცა კუხიანიძე და ქეთი მჭედლიშვილიც მონაწილეობენ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, რომელიც ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას, ჯამში შემოსულია 5 აპლიკაცია, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულებულია 3 ფილმზე, ერთი ფილმის გადაღებებები მიმდინარეობს, ხოლო კიდევ ერთი ფილმის გადაღებები ჯერ არ დაწყებულა. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამში 8 მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერთან აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებაზე საქართველოში.