თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ხელმძღვანელი პირები თიზ-ის კომპანიებისთვის იმპორტის 4%-იანი გადასახადის შემცირებას ან გადახედვას ითხოვენ. მათი თქით, საქართველოდან თიზ-ში საქონლის შეტანაზე 4%-იანი გადასახადი მოქმედებს, რაც ინდუსტრიულ ზონაში მოქმედ კომპანიებს იძულებულს ხდის მოახდინონ ნედლეულის და ძირითადი საშუალებების იმპორტი იმის ნაცვლად, რომ ადგილობრივ ბაზარზე შეიძინონ. მათ აქვთ მთავარი კითხვა, რატომ აძლევს მოტივაციას სახელმწიფო თიზ-ის კომპანიებს იმპორტი განახორციელონ, რომელიც 0%-ით იბეგრება, საქართველოდან შეტანილი კი - 4%-ით.
ფინანსთა სამინისტროში განგვიმარტეს, რომ 4%-იანი გადასახადი საქართველოდან თიზ-ის საწარმოსთვის საქონლის მიწოდებისას, შემოღებულია საწარმოების მიერ მოგების თიზ-ში დეპონირების (დალექვის) და საქართველოში მოგების გადასახადის შემცირების პრევენციის მიზნით.
„როგორც ცნობილია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თიზ-ში იმ საქონლის (დადგენილი იყო საქონლის ჩამონათვალი) მიწოდება, რომლის ექსპორტიც ხორციელდება საქართველოდან, სრულად იყო აკრძალული.
მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული აკრძალვა გაუქმებულია და სანაცვლოდ, შემოღებულია 4%-იანი გადასახადი. საექსპორტო პროდუქციის მიწოდებაზე შეზღუდვის ან გადასახადის გაუქმების შემთხვევაში, თიზის მეშვეობით ყველა ექსპორტიორ კომპანიას ექნება შესაძლებლობა, თავი აარიდოს მოგების გადასახადს.
თიზ-დან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე საქონლის მიწოდების შემთხვევაში დაწესებული 4%-იანი გადასახადის შემცირებასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში (2012 წლის მაისამდე) თიზ-ის საწარმოსათვის, ასევე, აკრძალული იყო საქონლის მიწოდება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ, საქართველოს ტერიტორიაზე.
მოქმედი კანონმდებლობით ასევე გაუქმებულია თიზ-ის საწარმოს მიერ საქართველოში საქონლის მიწოდებისთვის დადგენილი აკრძალვა, საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავლის 4-პროცენტიანი დაბეგვრის რეჟიმის შემოღების პირობით, რისი მიზანიც არის საქართველოს ტერიტორიაზე ანალოგიური საქმიანობის (საქონლის მწარმოებელი) განმახორციელებელ საწარმოებთან მიმართებაში ამ ოპერაციებზე თიზ-ის საწარმოების თანაბარი და კონკურენტუნარიანი დაბეგვრის რეჟიმის უზრუნველყოფა, ვინაიდან ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოები იბეგრებიან მოგების გადასახადის ჩვეულებრივი რეჟიმით“, - განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო არის „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო, რომლის ძირითადი მიზანია, საქართველოში წარმოება და ექსპორტი, რომელიც სარგებლობს კანონით დადგენილი შეღავათებით. კერძოდ: თიზ-ის კომპანია გათავისუფლებულია მოგების გადასახადისგან, დღგ-გან, იმპორტის, ქონების გადასახადისგან, გათავისუფლებულია ასევე თიზის საწარმოს მიერ გადახდილი დივიდენდები და თიზის საწარმოს მიერ გადახდილი პროცენტები.
ასევე თიზ-ის საწარმოს ეკრძალება საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსი) მომსახურების შეძენა ( გარდა ზოგიერი გამონაკლისისა) და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) მომსახურების გაწევა.
„შესაბამისად, მოგების გადასახადის ახალი მოდელის (ე.წ. ესტონური მოდელი), შემოღების პირობებშიც თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არ ჰკარგავს ძირითად უპირატესობას, ვინაიდან მოგების გადასახადით დაბეგვრის 2017 წლის შემდგომ მოქმედი მოდელი, თავისი შინაარსით გულისხმობს რეინვესტირების შემთხვევაში გადასახადის გადავადებას მოგების განაწილების მომენტამდე, ხოლო თიზის საწარმოს მიერ მიღებული მოგება განაწილების შემთხვევაშიც არ იბეგრება მოგების გადასახადით. ამასთანავე, როგორც აღინიშნა, გარდა მოგების გადასახადისა, თიზის საწარმოებისათვის დადგენილია მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები სხვა გადასახადებშიც. (ქონების გადასახადი, დივიდენდზე დაწესებული გადასახადი და სხვა)“, - აცხადებენ ფინანსთა სამინსიტროში.

























