მაკულატურის შემგროვებელი და გადამმუშავებელი MyMakulatura-ს დამფუძნებელი, ამირან ცირდავა, BMG-ს “საქმიანი დილას” ეთერში აღნიშნავს, რომ კომპანიას თვიური წარმადობის რესურსი აქვს, თუმცა ბაზარი გადამუშავებული ქაღალდისგან წარმოებულ პროდუქციას, უცხოეთიდან შემოსული დაბალფასიანი მზა პროდუქტის გამო, ვერ ითვისებს.
“თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახლა თუ თვიური წარმადობა 300 ტონამდეა, შეგვიძლია, ეს რიცხვი გავაორმაგოთ. მაგრამ საქმე ისაა, რომ ქვეყანაში წარმოებას არ აქვს იმის რესურსი, რომ 600-700 ტონა მაკულატურა აითვისოს. რუსეთ-უკრაინის ომმა ამ დარგში დიდი პრობლემები გამოიწვია, ქაღალდისგან შექმნილი მზა პროდუქცია (ხელსახოცები, ქაღალდის თეფშები და ჭიქები…) ამ ქვეყნებიდან დაბალ ფასში შემოდის, კერძო ბიზნესმენებს კი უღირთ, უცხოეთიდან შემოიტანონ იაფიანი პროდუქტი. ბაზარზე ამ კონკურენციას მცირე ზომის ქარხნებმა ვერ გაუძლეს და უკვე შეფერხებით მუშაობენ”, - განმარტავს ცირდავა.
MyMakulatura-ს დამფუძნებელი განმარტავს, რომ კონკურენციის გაზრდამ ადგილობრივ ბაზარზე მაკულატურის ჩასაბარებელი ტარიფის შემცირება გამოიწვია.
“ქარხნებმა, რომლებმაც კონკურენციას გაუძლეს, ჩვენთან თანამშრომლობით, ახალი ტარიფები შევიმუშავეთ. აქამდე თუ ტარიფი 45-50 თეთრი იყო, ახლა 15-დან 35 თეთრამდეა, ისიც მაქსიმალური იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მინიმუმ 0.5 ტონა მაკულატურას აბარებს. ტარიფების ავტომატურად შემცირება მოგვიწია, რომ კონკურენციას გავუძლოთ და უცხოეთიდან აღარ ღირდეს პროდუქტის შემოტანა”, - ამბობს ცირდავა.
მისი განმარტებით, გადამუშავებული ქაღალდით პროდუქციის ადგილობრივ ქარხნებში წარმოება გაცილებით უფრო ხელმისაწვდომია, თუმცა არ არსებობს ამის შესაბამისი ქარხანა და საკმარისი რაოდენობის ნედლეული.
“მაღალხარისხიანი პროდუქცია რომ ავიღოთ, რაც ჩვენს ქვეყანაში შემოაქვთ, მათ სჭირდებათ უცხოეთში შეძენა, დატვირთვა, საბაჟო გადასახადი, დასაწყობება - ეს ყველაფერი დიდ პროცედურებთან და ხარჯებთანაა დაკავშირებული. მსხვილი გადამმუშავებელი ქარხანა რომ აშენდეს, ბიზნესმენს უკვე ადგილზე ექნება ნედლეული, გაცილებით იაფად.
ამაზე პასუხისმგებლობას ჩვენი კომპანია იღებს. თუ ახლა თვეში 250-300 ტონაზე გვაქვს საუბარი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ MyMakulatura 400-450 ტონაზე თავისუფლად ავა და ასეთი წარმადობის თვეები აქამდეც გვქონია”, - განმარტავს ცირდავა.
MyMakulatura მაკულატურის ჩაბარების სერვისს სთავაზობს როგორც ინდივიდუალურ მომხმარებლებს, ასევე კორპორაციულ პარტნიორებს, მათ შორის მსხვილ კომპანიებს, სკოლებსა და უნივერსიტეტებს, საავადმყოფოებს და სხვა.