მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გადამზადდება 275 შეფმზარეული" - როგორ ხედავს ასოციაცია სარესტორნო ბიზნესში მწვანე ტრანსფორმაციის პოტენციალს?

მდგრადი რესტორნები

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პროგრამა PROGRESS-ის ფარგლებში, ჯამურად, 275 შეფმზარეული გაივლის გადამზადებას, რაც მიზნად საქართველოში კვების სერვისების მწვანე ტრანსფორმაციის შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს - ამის შესახებ BMGTV-ის "საქმიანი დილას" ეთერში ასოციაციის პრეზიდენტმა, კოტე გაბრიჩიძემ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, PROGRESS-ის მონაწილეთა პირველი ტალღის მონაწილეები მიმდინარე თვის დასაწყისში ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში იმყოფებოდნენ, სადაც გაეცნენ მწვანე რესტორნების რეალურ მაგალითებს და შეიტყვეს, თუ როგორ თანამშრომლობს HORECA სექტორი პროფესიული განათლების სისტემასთან.

"პროექტი წელიწადზე მეტია, საკმაოდ წარმატებულად მიდის. პირველ რიგში, ჩამოვიდნენ ესპანელები და ნახეს, ჩვენთან რა ხდება, სად ვართ განვითარების მხრივ. შემდეგ ჩვენთვის სპეციალურად შეიქმნა პროგრამა, რომლითაც პროფესიული სასწავლებლების 12 მასწავლებელი გადამზადდა. თეორიული სწავლების პირველ ეტაპზე კი მოსწავლეების რაოდენობა 70-ს გადასცდა. მოსწავლეს ვამბობთ, მაგრამ ეს არის ძალიან რთული კურსი ტოპ-მენეჯერებისთვის, ან CEO-ებისთვის, შეფ-მზარეულებისთვის. შემდეგი ეტაპზე კი, პირველი ტალღის სტუდენტებმა და მასწავლებლებმა პრაქტიკაში ნახეს, როგორ არის ეს ყველაფერი ესპანეთში დანერგილი", - ამბობს კოტე გაბრიჩიძე.

კითხვაზე, რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო საქართველოში იმისთვის, რომ ქვეყანაში მდგრადობისთვის მწვანე უნარების ხელშეწყობა მოხდეს და კვების სერვისების მწვანე ტრანსფორმაციას შეეწყოს ხელი, ასოციაციის პრეზიდენტმა რამდენიმე პუნქტი გამოყო და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ორგანიზაცია PROGRESS-ის ფარგლებშიც იმუშავებს.

"ჩვენი პროექტი გრძელდება წელიწადზე მეტი და კიდევ გადამზადება რამდენიმე ტალღა. მეორე ტალღა იწყება დეკემბრის დასაწყისში, შემდეგი კი - თებერვლის მიჯნაზე. ჯამში სულ 275 ადამიანი უნდა გადამზადდეს. 275 ადამიანი, ერთი მხრივ, ცოტაა და, მეორე მხრივ, ბევრია, მაგრამ ეს არის პირველი მარცვალი, რომელიც დაითესა და ცნობიერებაში უნდა დატრიალდეს ისეთი ტალღა, რომ საზოგადოებაზეც გავრცელდეს. რადგან, თუ მარტო რესტორნები გადამზადდნენ და სხვანაირად მოაზროვნეები გახდნენ, ეს არ კმარა.

ბარსელონაში რამდენიმე რესტორანში მივედით, რომლებსაც პირდაპირ კარებზე, შესასვლელზე აქვთ ნიშანი, მაგალითად ერთ-ერთ რესტორანში ვიყავით, რომელიც არის ესპანეთში "ყველაზე მწვანე რესტორანი"; იქ მისულ ხალხს ეს მოსწონს, ამ კონკრეტულ რესტორანში იმიტომ დადიან, რომ ის გარემოს უფრთხილდება. ანუ ცნობიერებაში ხალხმა უნდა მოითხოვოს ეს, რომ აბა, რომელი რესტორანია ბუნებისადმი უფრო კეთილგანწყობილი", - განაცხადა გაბრიჩიძემ.

რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ამ პროცესში სახელმწიფოს როლზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ესპანეთის მაგალითზე, მთავრობამ სავაჭრო-მიწოდების ჯაჭვი მოაწესრიგა პრაქტიკით, რომლის დანერგვაც საქართველოშიც შეიძლება.

"ჩვენი პროექტის ერთ-ერთი თემა არის მთავრობასთან ურთიერთობა, რადგან მთავრობამ ამაზეც უნდა იზრუნოს. მაგალითად, ბარსელონაში ვნახეთ უშველებელი, 107 ჰექტარზე გაშენებული ბაზარი. წარმოიდგინეთ, რამდენიმე "ლილოს ბაზრობაც" რომ გააერთიანოთ, 107 ჰექტარს ვერ მოივლით, სასწაული რაღაცაა. ოღონდ, აბსოლუტურად მოწესრიგებული, თავისი პარკინგით. ეს ბაზარი მხოლოდ კორპორაციული მომხმარებლებისთვისაა, რესტორნებისთვის და სასტუმროებისთვის.

აქამდე ეს ყველაფერი გაბნეული იყო სადღაც, სამ-ოთხ ადგილას, მაგრამ ესპანეთის მთავრობა მიხვდა, რომ ასე არ შეიძლება და ეს ხელს უშლიდა ბარსელონას და კატალონიის განვითარებას. ამიტომ ბაზარი გაიტანეს ცოტათი გარეთ. ახლა იქ არის თევზეულის, ხორცეულის, ბოსტნეულის უზარმაზარი ზონები, ცალკე გადამუშავების და სანაგვე ზონები, ცოტათი დაჟეჟილი ხილ-ბოსტნეული ცალკე მიდის და ა.შ. ესე იგი, ეს არის ნაფიქრი. ეს გააკეთა, ააშენა, ინფრასტრუქტურა მოაწყო მთავრობამ.

ჩვენი ეკონომიკის რამდენიმე მინისტრთან მაქვს ნალაპარაკები ამ თემაზე, ყველამ იცის ასეთი მიდგომის შესახებ. ჩვენთან ასეთი ბაზარს 20-30 ჰექტარ მაინც დასჭირდება თბილისს, 10-15 ბათუმსა და ქუთაისს, მაგრამ ეს აუცილებელია, ისევე როგორც სწორი მიდგომა ნარჩენების მართვისადმი. დახარისხება უნდა მოხდეს და არ უნდა მოხდეს, რომ შუშის და პლასტიკის და ბიოლოგიური პროდუქტის ერთად გადაყრა. ამდენი წელია, შევარდნაძის დროიდანაა დაწყებული ეს ლაპარაკი და დღესაც იგივე, არაფერი არ ხდება", - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.

ცნობისთვის, პროექტი PROGRESS დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მას ახორციელებს CARE ავსტრია CARE კავკასიასთან, საქართველოს რესტორატორთა ასოციაციასთან და ესპანეთის მდგრადი რესტორნების ფონდთან თანამშრომლობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები