გადამზიდავ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ. კომპანიების წარმომადგენლები "საქმის კურსთან" აცხადებენ, რომ ხშირად ტენდერებში არაკვალიფიციური კომპანიები მონაწილეობენ და არაჯანსაღ კონკურენციას ქმნიან. მეორე მხრივ კი, კომპანიებს შენიშვნები აქვთ შემსყიდველ ორგანიზაციებთან, რომლებიც ტენდერებში მონაწილეობისთვის არასაჭირო დოკუმენტაციას ითხოვენ.
"თრეიდინგ გრუპის" კომერციული დირექტორი ლია ჯაშიაშივილი "საქმის კურსთან" არაჯანსაღ კონკურენციაზე საუბრობს.
"კომპანიებმა ერთმანეთს უნდა შევუწყოთ ხელი თანამშრომლობაში იმისთვის, რომ არსებული კონკურენცია ჯანსაღ კონკურენციაში იყოს გადაყვანილი და არა ისეთ მავნებლურ კონკურენციაში, რომელსაც დღეს არც თუ ისე იშვიათად ვხვდებით.
ასეთი პრობლემები ალბათ სხვა მიმართულებითაც არსებობს - სააგენტოს ახალი მიდგომა არსებობს, რომელიც არის აუქციონის წესით ტენდერის ჩატარება, რომელიც თავის თავში მოიცავს ყველაზე დაბალი ფასის კრიტერიუმს. ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ დაბალი ხარჯი, დაბალი ხარჯი იწვევს ხარისხის გაფუჭებას, ჩინური უხარისხო ნაწილების, ან უხარისხო მომსახურების შეთავაზებას, რაც დაბალ ფასს ახლავს“,- აცხადებს ლია ჯაშიაშვილი.
"კარგო ლოჯისტიკ გრუპ ჯორჯიას" დირექტორი სულიკო ჩაჩავა კი არაკვალიფიციურ მონაწილეებზე ამახვილებს ყურადღებას.
"ტენდერებში მონაწილეობის დროს არ ხდება, დიფერენცირება კვალიფიკაციის მიხედვით, ნებისმიერ კომპანიას შეუძლია მონაწილეობის მიღება. უხეშად რომ ვთქვათ, მედდა გაგიკეთებს ოპერაციას, თუ ქირურგი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მედდამ იაფი ფასი შემოგთავაზოს.
ამასთან, ხანდახან ხდება ისე, რომ ტენდერი ცხადდება, მეორე ხარისხოვანი ინფორმაციაა წინ წამოწეული და ყველაზე რთული კომპონენტი საერთოდ არ ჩანს. ამიტომ კარგი იქნება ტენდერების გამოცხადებამდე რაღაც ტიპის კონსულტაცია გაიარონ შემსყიდველებმა კომპანიებთან",- აცხადებს სულიკო ჩაჩავა.
კიდევ ერთი კომპანიის „ურბან მოტორსის“ წარმომადგენელი აკაკი გოგსაძე კი შემსყიდველების მხრიდან არასწორი დოკუმენტაციის მოთხოვნის პრობლემაზე საუბრობს.
"ხდება ხოლმე დოკუმენტაციის კოპირება ერთი შემსყიდველის მიერ მეორე შემსყიდველისგან. ჩვენს შემთხვევაში იყო ის პრობლემა, რომ შემსყიდველმა მოითხოვა ის დოკუმენტაცია, რომელიც არ იყო რეალურად საჭირო და რის გამოც ვერ ვიღებთ მონაწილეობას ტენდერში",- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

























