მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადამზიდავები "საქართველოს რკინიგზას" კორუფციაში ადანაშაულებენ

5bd820f8132ff
სალომე მეცხვარიშვილი
30.10.18 13:12
1214
ქართული გადამზიდავი კომპანიები „საქართველოს რკინიგზას“ ხელის შეშლაში ადანაშაულებენ. Crossline Logistics და David & Company-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს რკინიგზა მათ არ აძლევთ ტვირთების გადაზიდვის უფლებას, წერილობითი განაცხადები კი, რომელიც უწყებას თვეების განმავლობაში ეგზავნება, სრულად იგნორირებულია.

კომპანიების მტკიცებით, ყველა დოკუმენტი წესრიგში აქვთ, თუმცა, მათ არ ეძლევათ ტვირთების გადაზიდვის უფლება, რის გამოც პარტნიორებთან არსებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ და ზარალდებიან. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამზიდავი კომპანიები ფიქრობენ, რომ „საქართველოს რკინიგზა“ კონკრეტულ კომპანიებს მფარველობს და არ სურს ბაზარზე სხვა მოთამაშეების დაშვება. მათი თქმით, რკინიგზა მხოლოდ 2 კომპანიას აძლევს ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობას, საუბარია კომპანია „პეტროგაზზე“, რომელიც „როსნეფტის“ შვილობილია და „ლუკოილზე“.

„საქართველოს რკინიგზასთან უკვე 6 თვეა გვაქვს ურთიერთობა, აქედან 2 თვის განმავლობაში წერილობით ნორმალური კომუნიკაცია იყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც ყველა პროცედურა წარმატებით გავიარეთ, დაიწყო პრობლემები. ბოლო 2 თვეა ისინი კონტაქტზე საერთოდ არ გამოდიან.

ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება, გვაქვს ტვირთი მოტანილი და ვითხოვთ ნავთობპროდუქტების გადაზიდვას. უბრალოდ არ გვეკონტაქტებიან, კომუნიკაციის ყველა გზა ჩაკეტილი აქვთ.

თავიდან „საქართველოს რკინიგზისგან“ იყო დადებითი დამოკიდებულება, გვეუბნებოდნენ, რომ ოღონდ ტვირთი მიგვეტანა და გადაგვიზიდავდნენ. ამის შემდეგ გავაფორმეთ ხელშეკრულება სომხურ კომპანიასთან, სომხურ რკინიგზასთან და ა.შ. თუმცა, შემდეგ კონტაქტზე აღარ გამოსულან“,- აცხადებს ლაშა ფარულავა.
მისი თქმით, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელი პირები ჩართული არიან კორუფციულ გარიგებაში „პეტროგაზთან“ და „ლუკოილთან“, ხოლო ამ კომპანიების უკან დგანან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები.

აღნიშნულთან დაკავშირებით bm.ge თავად საქართველოს რკინიგზასაც დაუკავშირდა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები