მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადამზიდავი კომპანიები "საქართველოს რკინიგზას" პასუხობენ

5be01975c4ee7
მაია ბიწაძე
05.11.18 14:19
1358
ნავთობპროდუქტების გადამზიდავი კომპანიები "საქართველოს რკინიგზას" პასუხობენ და ამბობენ, რომ ის განცხადება რომელიც უწყებამ მათი პრესკონფერენციის საპასუხოდ გაავრცელა აბსურდულია და ყოველგვარ სიმართლეს მოკლებული. გადამზიდავები სასამართლოში წასვლას და დავის სამართლებრივ რეჟიმში გაგრძელებას აპირებენ. როგორც Bm.ge-ს Crossline Logistics- ის ხელმძღვანელმა ლაშა ფარულავამ განუცხადა, "საქართველოს რკინიგზამ" მათ კომპანიას სხვა გამოსავალი არ დაუტოვა.

"დაუსრულებლად რომ არ გაგრძელდეს ეს სიტყვა-პასუხი, ანუ ჩვენი მხრიდან სიმართლე, მათი მხრიდან კი სიცრუე, რითაც ბიზნესი ზიანდება, უნდა მივმართოთ სასამართლოს. სასამართლოსაც აქვს თავისი მინუსები იქიდან გამომდინარე, რომ შესაბამისი პროცედურები და ვადები აქვს, მაგრამ ჩვენ მივმართავთ ბიზნესპალატას, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილავს დავებს. მილიონობით ლარის ზიანზეა აქ საუბარი. სასამართლოთი ჩვენ მოვითხოვოთ, რომ ერთის მხრივ უზრუნველყოფილი იყოს ის, რომ "საქართველოს რკინიგზამ" შეასრულოს თავისი ფუნქცია და განახორციელოს ჩვენი ტვირთის გადაზიდვა უწყვეტ რეჟიმში და მეორეს მხრივ, მოვითხოვთ იმ მიუღებელი სარგებელის, მორალური და ფინანსური ზარალის ანაზრაურებას, რაც მოგვადგა "საქართველოს რკინიგზის" ქმედებებით. ჩვენ გვაქვს ყველანაირი დოკუმენტი, რომელიც ჩვენს ზიანს და სიმართლეს ადასტურებს“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

იგივეს აცხადებს მეორე კომპანიის, David & Company-ის დამფუძნებელი დავით დოლიძე. როგორც ბიზნესმენი განმარტავს, მას შემდეგ, რაც "საქართველოს რკინიგზასთან“ კომუნიკაციას ვერ მიაღწია, დახმარებისთვის ბიზნესომბუდსმენსაც კი მიმართა ოფიციალური წერილით, თუმცა ვერც ამ უწყებიდან მიიღო პასუხი.

"ჩვენ ყოველ ორ კვირაში ვწერდით "საქართველოს რკინიგზას" წერილებს, რომ ეპასუხათ ჩვენთვის, მაგრამ მათგან აბსოლიტური იგნორი მივიღეთ. "საქართველოს რკინიგზა" არ მიფორმებს კონტრაქტს, რომლის თანახმადაც შევძლებ ზედნადების გაკეთებას, გადავიხდი ფულს და რკინიგზა ვაგონს მომაწვდის, ამის გარეშე ტვირთს ვერ გადავზიდავთ და სამი თვის განმავლობაში ვართ ამ მდგომარეობაში.

გაფორმებული მქონდა სხვადასხვა კომპანიასთან სამი კონტრაქტი, რომელიც საერთო ჯამში 190 ათასი ტონა ტვირთის გადაზიდვას ითვალისწინებდა ორი წლის განმავლობაში, რაც 400 მილიონი ლარის საქონელია. აქედან უკვე გამიუქმდა ერთი კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებდა 100 ათასი ტონა ტვირთის გადაზიდვას, მათ აღარ სურთ ჩვენთან თანამშრომლობა, რადაგან "საქარველოს რკინიგზის" გამო ამ ფუნქციის შესრულება ვერ შევძელით. ერთ სარჩელს ამაზე შევიტან სასამართლოში და მეორე სარჩელს, შევიტან იმაზე, რომ მომეცეს საშუალება იმ კომპანიების ტვირთი მაინც გადავზიდო, რომლებსაც ჯერ კიდევ არ გაუუქმებიათ ჩემთან კონტრაქტები" - განაცხადა დავით დოლიძემ.

კომპანიები ასვე გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ "საქართველოს რკინიგზის" წარმომადგენლებთან, ნებისმიერი მედიასაშუალების ეთერში, იმსჯელონ დებატების ფორმატში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები