საქართველოში საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადა 3 წელს შეადგენს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დავალიანება 100,000 ლარს აღემატება, საქმე კრიმინალურ სტატუსს იძენს.
ფულის გათეთრების შესახებ მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2020-2022 წლებში გადასახადების თავის არიდების 2,349 სავარაუდო შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ყველაზე მეტი 1,457 საქმის ძიება 2022 წელს დაიწყო, რაც ამ მიმართულებით გამკაცრებულ პოლიტიკაზე მეტყველებს.
ანგარიშიდან ირკვევა, რომ კომპანიები დეკლარაციების გაყალბების რამდენიმე ძირითად ხერხს მიმართავენ. ესენია დასაბეგრი ბრუნვის შემცირება, გამოსაქვითი ხარჯების ხელოვნური ზრდა, მიღებული მოგების ხელოვნურად შემცირება.
“იშვიათია გადასახადების არიდების ისეთი რთული სქემები, რომლებშიც ოფშორულ ფინანსურ ცენტრებში შექმნილი კორპორატიული სუბიექტები მონაწილეობენ. ამასთან, საქართველოში საგადასახადო დანაშაულებები ნაკლებად კომპლექსურ ხასიასთს ატარებენ, რისი მიზეზიც ქვეყანაში არსებული მარტივი საგადასახადო სისტემა და გადასახადების ეფექტური ადმინისტრირებაა.
გაზრდილია სისხლისსამართლებრივი დევნის სტატისტიკაც - 2020 წელს გადასახადების თავიდან არიდების ფაქტზე მიეცა 13 პირი, 2021 წელს 38 პირი, ხოლო 2022 წელს 167 პირი. გაზრდილია ანაზღაურებული ზიანის მოცულობაც. 2020 წელს ეს 25 მილიონი ლარი იყო; 2021 წელს 70 მილიონი ლარი; 2022 წელს კი 120 მილიონი ლარი,”- ნათქვამია ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ ანგარიშში.
ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სამართალდამრღვევი კომპანიები მიმართავენ სხვადასხვა ხერხებს გადასახადებისგან თავის არიდებებით მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციისთვის, რაც თავისმხრივ კიდევ ერთ დანაშაულს წარმოადგენს.
მთავრობის ინფორმაციით, დაგეგმილია ახალი კანონმდებლობის მიღება, რომელიც ფოკუსირებული იქნება საგადასახადო დავების წარმოების რეფორმირებაზე და საგადასახადო ვალდებულებების მომსახურების უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუმჯობესებაზე.