მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადასახადის გადამხდელთა კავშირი: სახელმწიფო ავტოპარკის მენეჯმენტი უნდა შეიცვალოს

5cf65ae2d4736
თელარა გელანტია
04.06.19 15:49
1497
გადასახადის გადამხდელთა კავშირის განცხადებით, საქართველოში სახელმწიფო ავტოპარკის მართვა გასული საუკუნის მეთოდებით ხდება და ის თანამედროვე გამოწვევებს ვერ პასუხობს.

ასე ეხმაურება გადასახადის გადამხდელთა კავშირი დღეს, IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომელიც გუბერნატორების ადმინისტრაციების მიერ ავტოპარკის განახლება/შენახვის პრაქტიკას და საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების ანალიზს ესხება.

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ტრანსპორტისთვის გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, რაც პერიოდულად სამართლიანად ხდება საჯარო განხილვის საგანი. გადასახადის გადამხდელთა კავშირი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ხარჯების მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს, თუმცა საჭიროა, ასევე, ვიფიქროთ მისი ეფექტიანობის გაზრდაზე. საქართველოში სახელმწიფო ავტოპარკის მართვა ხდება გასული საუკუნის მეთოდებით და ის ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს.

კერძოდ, განვითარებული და მათ შორის, მდიდარი ქვეყნების მთავრობები დიდი ხანია გადავიდნენ ავტოპარკის გაზიარების (ე.წ. carpooling) სისტემაზე, რომელიც ამცირებს სახელმწიფო ავტოპარკის შენახვის ხარჯებს, აუმჯობესებს მონიტორინგის ხარისხს და დადებითად მოქმედებს გარემოზე. ასეთ სისტემაში სახელმწიფო მოხელეებს არ ემსახურებათ პირადი ავტომობილი და მძღოლი. მათ ტრანსპორტირებით უზრუნველყოფენ საერთო სარგებლობის ავტოტრანსპორტით. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ მაღალი და განსაკუთრებული სტატუსის მქონე თანამდებობის პირები.

საქართველოს მთავრობამ, სახელმწიფო ხარჯების შემცირების მიზნით, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს აღნიშნული სისტემის ცვლილებაზე მუშაობა და გაიზიაროს საზღვარგარეთის წარმატებული მაგალითები. გადასახადის გადამხდელთა კავშირი მზად არის ჩაერთოს საკითხის განხილვაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები