„გადაწყვეტილება მიღებულია, ისევ და ისევ ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არის ჩვენს პარტნიორებთან ხელისუფლების თანამშრომლობის მაგალითი“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ შეერთებოდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთსა და ბელარუსში ავტომობილების ექსპორტის შეზღუდვას ეხება.
თბილისის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მზად არის თავის პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის და თუ საჭიროა, ხარვეზების გამოსწორებისთვის, თუმცა ის არასოდეს მიიღებს ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელ გადაწყვეტილებას.
„რაც შეეხება სანქციებთან მიერთებას, ჩვენ ვერ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება პრობლემური იყოს ჩვენი ქვეყნისთვის და დამაზიანებელი იყოს, თუმცა, თანამშრომლობას რაც შეეხება, ყოველთვის მზად ვართ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის. თუ არის რაიმე ხარვეზი, ასევე, მზად ვართ, ეს ყველაფერი გამოვასწოროთ, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, რომ არ გადავდგამთ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება დამაზიანებელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ავიღოთ პოლონეთის მაგალითი - ქვეყანას, რომელიც უერთდება სანქციებს, ხორბლის გამოტანასთან დაკავშირებით, ხედავთ, რა პოზიცია აქვს.
პოლონეთი გამოდის და ამბობს, რომ ისინი გაატარებენ თავიანთი ქვეყნის ინტერესებს და ხორბლის შეტანაზე გადაწყვეტილებას სოფლის მეურნეობის და იქ მცხოვრები ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ. ასევე იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. სანქციების პაკეტი შედგება ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან. ჩვენ თავიდანვე გვქონდა პოზიცია, რომ აღნიშნულ პაკეტს ვერ შევუერთდებოდით ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენს პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ და ესეც თანამშრომლობის მაგალითია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილებები არა ემოციებით, არამედ ანალიზის შედეგად და აუცილებლად ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით უნდა იყოს მიღებული.
„გადაწყვეტილებები ემოციებით არ უნდა მივიღოთ. ამას სჭირდება ანალიზი, სწორი დასკვნების გაკეთება. თუ გადავხედავთ წარსულს, ვნახავთ, რამდენი შეცდომა გვაქვს დაშვებული არასწორი ნაბიჯებით, გადაწყვეტილებებით, რომელმაც ქვეყანა ათეული წლებით უკან დახია. შეიძლება იყოს შემოტევა, ზეწოლა, აგერ ოპოზიცია თანხებს ხარჯავს იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა მოხვდეს სანქციების ქვეშ. ჩვენ იმიტომ ვართ ხელისუფლებაში, რომ მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა გვაქვს და ვალდებული ვართ, უდიდესი პასუხისმგებლობა გვაქვს, დავიცვათ და გავატაროთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამას აკეთებს პოლონეთი“, - განაცხადა კახა კალაძემ.