„თქვენ თუ ხედავთ გეზს ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების ძალიან გამიხარდება, მაგრამ მე ამ გეზს ვერ ვხედავ“, - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილი ელჩი ისრაელში არჩილ კეკელია კითხვას: რა ტიპის ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ გეოპოლიტიკური რყევებისგან ქვეყანა დაცული იყოს და საფრთხეების არიდება მოხდეს.
დიპლომატი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია გაცხადებული იყოს პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტების შესრულებაზე იყოს მიმართული ძალისხმევა. ასეთი პრიორიტეტები კი დღეს არ ჩანს.
„საერთოდ, ხელისუფლებაში, კომპანიაში, ორგანიზაციაში, საოჯახო მეურნეობაში უნდა იყოს გამოკვეთილი 2-3, შეიძლება 5 პრიორიტეტი. მე ეს პრიორიტეტები არც გაცხადებულად და არც გაუცხადებლად არ ვიცი. არ ვიცი რა არის ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი არც საგარეო პოლიტიკაში, არც ეკონომიკაში, არც განათლებაში და არც სხვა სფეროში. პრიორიტეტები თუ არ გამოკვეთა არაფერი გამოვა. მაგალითად, ჩემი საქმიანობის დროს ისრაელში იყო ბევრი საკითხი, მაგრამ მე ვუთხარი ჩემს თავს და თანამშრომლებს, რომ მოდი გავაკეთოთ ორიენტაცია ტურიზმსა და უვიზო მიმოსვლაზე.
ტურიზმის კუთხით დღეს საქართველოში თუ ჩამოდის 200 000 ვიზიტორზე მეტი, რომ დავიწყე ელჩად საქმიანობა იყო 16 000. აღმავალი ტენდენცია მაშინვე დაიწყო. კვირაში 4 ავიარეისი გვქონდა, ახლა დღეში გვაქვს 4 რეისი. უვიზო მიმოსვლასაც მივაღწიეთ. რატომ არ გვაქვს გამოკვეთილი პრიორიტეტები? ძალიან მინდა ამ კითხვაზე კარგი პასუხი მქონდეს, მაგრამ არ მაქვს. გადაწყვეტილების მიმღები პირები გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ ვერც კანონმდებლებში, ვერც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ვერსად...“- ფიქრობს კეკელია.




























