"ბიზნესმა მოიშორა სახელისუფლო წნეხი. ყველაზე კრიტიკული მედიაც კი ვერ საუბრობს ბიზნესის შევიწროებაზე", - წერს ღია წერილში ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი. მისი თქმით, ახალი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაა.
"ფაქტობრივად ყველას, ვისაც ამის სურვილი და საფერმერო მეურნეობის ჩამოყალიბების რეალური პროექტი აქვს, სახელმწიფო უზრუნველყოფს გრძელვადიანი უპროცენტო სესხებით. ამავე დროს, ეხმარება პირუტყვის შერჩევასა და შეძენაში, უფასო თესლის, ნერგის, საწვავისა და სასუქის მომარაგებაში. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში 26 ათასზე მეტმა ბიზნესპროექტმა ისარგებლა დაფინანსებით. ქვეყნის მელიორაციაში სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ინვესტიციების შედეგად 133%-ით გაიზარდა ირიგაციით უზრუნველყოფილი მიწების ფართობი. სოფლის მეურნეობის სფეროში საერთო ინვესტიციების მოცულობამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
წინა ხელისუფლების დროს სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ შეძლებული პაციენტებისთვის, ჩვენი მოქალაქეები ახლობლების გადასარჩენად იძულებულნი იყვნენ, სახლ-კარი გაეყიდათ და სესხები აეღოთ, ამის ნაცვლად ჩვენ შემოვიღეთ საყოველთაო დაზღვევა და ყველასთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემა. დღეს უფულობის გამო ადამიანი ბედის ანაბარად აღარაა მიტოვებული, აუცილებელი ოპერაციისა და მკურნალობის გარეშე არავინ რჩება. ხორციელდება მსოფლიოში უნიკალური პროგრამა და ცე ჰეპატიტისგან უფასოდ განიკურნება ათასობით ჩვენი თანამოქალაქე.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჯანდაცვის სფეროში ჩვენი ძალისხმევის შედეგად უამრავი ადამიანი გადარჩა.
ეს პროექტი არამარტო სოციალური თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი არამედ სწორედ ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერა მიიღო 1 მილიონ 600 ათასმა ადამიანმა", - წერს ივანიშვილი.

























