მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადაუდებელი დახმარების ცენტრი კორუფციულ სქემაზე განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი

სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი სუს-ის მიერ გახსნილ კორუფციულ სქემაზე განცხადებას ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ ის პირები, რომლებიც დააკავეს ამჟამად მათი თანამშრომლები არ არიან, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია თავად სუს-ის განცხადებაშიც მკაფიოდ იყო ხაზგასმული. ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული უწყების განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის თუ როდის მოხდა კორუფციაში ბრალდებული პირების გათავისუფლება.

"სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერის დაკავებასთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ აღნიშნული პირები, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს არ წარმოადგენენ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, აღნიშნული პირების მუშაობის პერიოდთან დაკავშირებულ საკითხებზე, საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობს,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სასწრაფო სამედიცინო სამსახურში გამოვლენილ კორუფციულ სქემაზე აქვეყნებს განცხადებას. უწყების ინფორმაციით, მათ გამოავლინეს კორუფციული სქემა რეანომობილების მართვის ცენტრში, რომლის შედეგადაც პაციენტების გადამისამართება ხელოვნურად არა ყველაზე ახლო კლინიკაში, არამედ ჰოსპიტლების ქსელ "ვიანში" ხდებოდა, რისთვისაც ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დიდი მოცულობის ქრთამებს იღებდნენ. სუს-ის განცხადების თანახმად აღნიშნული პირები დაკავებული არიან.

ამასთანავე, უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისათვის ორ პირს ბრალდება წარუდგინეს.

სუს-ის თანახმად, დანაშაულებრივი სქემა 2020 წლიდან 2023 წლებში ფუნქციონირებდა და მის ფარგლებში მოსყიდული საჯარო მოხელეები რეანომობილებს ამისამართებდნენ კლინიკების ქსელ "ვიანის" ჰოსპიტლებში, რის სანაცვლოდაც მათ ჯამში 532,126 ლარის ქრთამი აიღეს. სუს-ის განცხადებაში არაა აღნიშნული თუ რა შემოსავალი მიიღო თავად კლინიკების ქსელმა ამ პაციენტებისთვის მომსახურების გაწევიდან.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები