საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე გამოიტანა თბილისში, ვასილ ბარნოვის ქუჩა N10ა-ში მდებარე სასტუმრო, რომლის საწყისი ფასი 4 009 500 ლარია.
აუქციონის პირობების მიხედვით, სარეალიზაციო ქონება მოიცავს 397 კვადრატული მეტრის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ ხუთსართულიან კომერციულ შენობას, სადაც 17-ნომრიანი სასტუმრო ფუნქციონირებს. ობიექტის შეფასების ღირებულება 5.346 მილიონ ლარს შეადგენს.
აუქციონის დოკუმენტაციის თანახმად, ქონება იპოთეკით არის დატვირთული და იპოთეკარი სს „თიბისი ბანკია“. აღსრულების ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბანკის მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას უკავშირდება.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, სასტუმროს მფლობელია შპს „თრიფელ ეი“. კომპანიის 65%-იანი წილის მფლობელი ირანის მოქალაქე ამირ აშკან აგჰელია, ხოლო დარჩენილი 35% ნინო სიხარულიძეს ეკუთვნის.
აუქციონი 18 ივნისს დაიწყო და 26 ივნისს დასრულდება. გამარჯვებულმა პირმა ქონების სრული ღირებულება აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.
































