მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვისაც დამეთმო დრო" - ქარქაშაძე "საქაერონავიგაციის" სამეთვალყურეო საბჭოში გადადის

ირაკლი ქარქაშაძე

აეროპორტების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ქარქაშაძე საქმიანობას "საქაერონავიგაციის" სამეთვალყურეო საბჭოში გააგრძელებს. მისი გადადგომის შესახებ დღეს, 25 მარტს, გახდა ცნობილი. ის ამ პოზიციაზე ლევან მოსეშვილმა ჩაანაცვლა.

"ორი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი გავაკეთე, დიდი ენერგია ჩავდე. ჩემი აზრით, მოვიდა დრო... გადავწყვიტე, რომ საკუთარი თავისთვისაც უნდა დამეთმო დრო და ისეთ პოზიციაზე გადავსულიყავი, სადაც უფრო გამოცდილებას გავაზიარებდი და არა უშუალოდ ბრძოლის ველზე ვიქნებოდი", - უთხრა ქარქაშაძემ BMG-ის.

ის უარყოფს ინფორმაციას, რომ თანამდებობა ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის ზრდის ტემპის შემცირების გამო დატოვა და განმარტავს: "ქუთაისის აეროპორტში 2023 წელს იყო ოთხი საჰაერო ხომალდი ბაზირებული. შარშან იქიდან გამომდინარე, რომ Wizz Air-ს ძრავებზე აქვთ პრობლემა, ერთი ბორტი გაიყვანეს. ეს ბორტი უკვე დაბრუნდა, შედეგად ქუთაისში ოთხი ბორტია ბაზირებული. ეს კლება [მგზავრთნაკადის] სწორედ ამან გამოიწვია. მხოლოდ Wizz Air-ის ამ ბორტის გამო დაახლოებით 15-20%-იანი კლების რისკი გვქონდა, მაგრამ ეს მინიმუმამდე დავიყვანეთ. ამის ნაცვლად შარშან მგზავრთნაკადის რეკორდული წელი დავდე.

2024 წელს ათ ავიაკომპანიასთან წარმატებით დავასრულე მოლაპარაკება მათ შორის, British Airways-თან და Easyjet-თან. ასე რომ აბსოლუტურად გამოვრიცხავ და არ გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ რაღაც შემცირებული მგზავრთნაკადის ნაწილში იყოს", - ამბობს ქარქაშაძე და ამატებს, რომ საბჭოში გადასვლა დაგეგმილი ჰქონდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები