მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გადავწყვიტეთ, წელს [პასკების] ფასები არ გაგვეზარდა" - საკონდიტრო „ლილისი“

ლილისი

საკონდიტრო „ლილისი“ სააღდგომო სეზონს აქტიურად ხვდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ პასკების შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია და მიუხედავად ნედლეულის გაძვირებისა, ფასები წელს არ გაზრდილა.

როგორც „ლილისის“ თანადამფუძნებელმა, ქეთევან ხუნწარიამ BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" აღნიშნა, აღდგომის მოახლოებასთან ერთად მომხმარებელთა ინტერესი ტრადიციულად იზრდება და არჩევანის გაკეთებისას ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ნდობაა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გემო და რეცეპტი მნიშვნელოვანია, მომხმარებელი ხშირად იმ ბრენდს ირჩევს, რომელსაც ენდობა.

„შარშანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, ძალიან კარგი უკუკავშირი გვქონდა. თუმცა ერთი და იგივე რეცეპტს არ ვიყენებთ - ყოველ წელს ვხვეწთ და ვავითარებთ, რაც საბოლოოდ ხარისხზე დადებითად აისახება.

ნედლეულის ფასები იზრდება და ეს პირდაპირ აისახება თვითღირებულებაზე. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტეთ, რომ მომხმარებლისთვის ეს ზრდა ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო და წელს ფასები არ გაგვეზარდა. პასკის ფასი ზომისა და დეკორის მიხედვით განსხვავდება და საშუალოდ 30-დან 50 ლარამდე მერყეობს“, - ამბობს ხუნწარია.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ წელს პასკების რეალიზაცია უკვე დაწყებულია, ხოლო კორპორაციული მიმართულებით შეკვეთების მიღება დასრულდა : „კორპორაციული მიმართულება ჩვენთვის ძალიან ძლიერია - წელს დაახლოებით 100-მდე კომპანიას ექნება „ლილისის“ პასკა, რომლებიც მას საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებს გაუგზავნიან. ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ვცდილობთ, ეს ნდობა გავამართლოთ“, - აცხადებს თანადამფუძნებელი.

მისი ინფორმაციით, კომპანია ყოველწლიურად ზრდის ტემპს ინარჩუნებს. ის დასძენს, რომ ბიზნესი, რომელიც 6 თანამშრომლით დაიწყეს, დღეს უკვე 60 ადამიანს ასაქმებს.

„თუ საწყის ეტაპზე 6 თანამშრომელი გვყავდა, დღეს უკვე 60-მდე ვართ. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი გაფართოების ამბიცია არ გვაქვს, წლიდან წლამდე დაახლოებით 25%-იან ზრდას ვინარჩუნებთ. წელს სააღდგომო გაყიდვებში დაახლოებით 120%-იანი გეგმა გვაქვს და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ“, - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები