მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გადაწყვეტილება, რომ ანაკლიის პორტს ხელი შეუშალოს, დიდი ხანია მთავრობამ მიიღო"

5ceff046e4469
ლიკა გურაბანიძე
30.05.19 19:03
905
„ერთი მხრივ, მთავრობა მხარს უჭერს ანაკლიის პორტის პროექტს და მეორე მხრივ, სხვადასხვა ქმედებებს ახორციელებს იმისთვის, რომ პროექტი ჩაშალოს,“ - ამის შესახებ BM.GE-ის ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებისთვის გაცემული ნებართვის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, უკვე გაუქმებულია.


ბედინეიშვილს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში თამაშს კი არ აქვს ადგილი, არამედ - მთავრობის უნიათობას და უნიჭობას.


„ანაკლიის პორტი, რომ შეჩერების პირასაა, ჩვენ შეგვიძლია სიმართლედ მივიჩნიოთ იმიტომ, რომ ანაკლიის პორტი იმდენად რთული, მაღალრისკიანი და დიდი პროექტია, ის რომ განხორციელდეს, ამისთვის მთავრობის 200%-იანი მხარდაჭერაა საჭირო. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებათ კერძო ინვესტორებს კომფორტი, რომ პროექტში ასობით მლნ დოლარი ჩადონ.


რა თქმა უნდა, კომბინაციაა ისევ უნიათობის, მაგრამ ასევე მავნებლობის, რადგან პრინციპული გადაწყვეტილება, რომ ანაკლიის პორტს ხელი შეუშალონ, ეს დიდი ხანია მიღებული აქვს მთავრობას და მას აქტიურად ახორციელებს; უბრალოდ, ამას მოუქნელად და არათანმიმდევრულად აკეთებს და ვერ აკონტროლებს სიტუაციას“, - განმარტა ბედინეიშვილმა.


ფინანსისტის განცხადებით, 21 მაისს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და საერთაშორისო ბანკების შეხვედრაზე მთავრობის მისვლა ზემოთ აღნიშნული მოვლენების ნაწილი იყო.


„მთავრობას გადაწყვეტილი ჰქონდა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ხელი შეეშალა და პროცესში გადაწყვიტეს, რომ ფოთის პორტისთვის ნებართვა მიეცათ, მაგრამ როდესაც ანაკლიის კონსორციუმმა მთავრობა მიიწვია, იმ შეხვედრაზე არმისვლა, დემონსტრაციული განცხადება იქნებოდა. ასეთი ღია პოლიტიკური პოზიციის შეეშინდათ, ამიტომ გადაწყვიტეს შეხვედრაზე მაინც მისულიყვნენ“, - აღნიშნა ბედინეიშვილმა.

შეგახსენებთ: ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი სამშენებლო ნებართვას არ წარმოადგენს.

თურნავამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მიერ „ეიფიემ ტერმინალსისთვის“ მიწათასარგებლობის ნებართვის გაცემა დარღვევებით მოხდა და შესაბამისად, ბრძანება გაუქმებულია, ხოლო სააგენტოს უფროსი კი, სამსახურიდან გათავისუფლებულია.

თურნავამ ასევე თქვა, რომ სააგენტოს უფროსმა გრიგოლ კაკაურიძემ, გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებლად იმოქმედა და ის არავისთან შეუთანხმებია, მათ შორის არც - მინისტრთან.

ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია პირველმა, 28 მაისს ფოთის მერიამ გაავრცელა, მეორე დღეს კი - ნებართვის მიმღებმა „ეიპიემ ტერმინალსმა“.


რამდენიმე საათის წინ განცხადება გაავრცელა "ეიპიემ ტერმინალსმა". კომპანიაში ამბობენ, რომ 2 მაისის ბრძანების გაუქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი, ჯერჯერობით, არ მიუღიათ.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები