მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გადაწყვეტილებები ბადებს ეჭვებს და იქმნება იმის განცდა, რომ ეს გადაწყვეტილებები იყო უსამართლო"

5beae6c7bb879
ელენე ჩომახიძე
13.11.18 20:00
825
"ამერიკის სავაჭრო პალატის“ პრეზიდენტმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანაში კორუფციის თუნდაც ნიშნების არსებობა ნეგატიური გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის. მაიქლ ქაუგილის თქმით სასამართლოს გარკვეული გადაწყვეტილებები ბიზნეს დავების მიმართულებით ბადებს ეჭვებს.

„ჩვენ ინვესტორებს ვეუბნებით, რომ დაბალი და საშუალო დონის კორუფცია აღმოიფხვრა საქართველოში, თუმცა ამჟამად გარკვეულ პრეცედენტებს აქვს ადგილი. ეს არ არის მაღალი დონის კორუფცია და თუნდაც ამ თვალსაზრისით თუ გადავხედავთ რეგიონის ქვეყნებს, ვნახავთ, რომ მდგომარეობა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით გაცილებით უკეთესია საქართველოში, თუმცა ეს ნამდვილად არ ამართლებს კორუფციის თუნდაც ნიშნების არსებობას".

მაიქლ ქაუგილის განმარტებით ადამიანებს აქვთ იმის უფლება, რომ იყვნენ შეშფოთებულები, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ პოტენციური ინვესტორი. მისი განცხადებით ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობის საფუძველი და დასაყრდენი სამართლიანი სასამართლოა, რომელიც როგორც ბიზნესის, ისე ხელისუფლების ინტერესებს დაიცავს.
„რაც შეეხება ბიზნეს დავებს, გვაქვს კონკრეტული მაგალითები, სადაც იმის მტკიცება რომ კორუფციის ნიშნები იყო მე გამიჭირდება, თუმცა გადაწყვეტილებები ბადებს ეჭვებს და იქმნება იმის განცდა, რომ ეს გადაწყვეტილებები იყო უსამართლო. ამან გააჩინა იმის განცდაც, რომ სასამართლომ ვერ ჩააბარა გამოცდა.“

ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რომ კორუფციის პრობლემა სასამართლოში არ არის სისტემური, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შემთხვევები მინიმალურია, მათი ტირაჟირება ხდება და ეს გზავნილი მიდის პოტენციურ ინვესტორამდეც, რაც ქაუგილის შეფასებით ქმნის გარკვეულ უარყოფით განწყობას მათში. როგორც AmCham-ის პრეზიდენტი ამბობს , პალატის დაკვირვებამ სასამართლო სისტემაზე ცხადყო, რომ ბიზნეს დავების მიმართულებით ორი რაღაცის დეფიციტია - ერთიმხრივ არ არის შესაბამისი შესაძლებლობები სისტემის ფარგლებში და მეორე მხრივ, ცოდნა სასამართლოს შიგნით, რომელიც აუცილებელია სამართლიანი ანალიზისთვის .

„ეს შეეხება კომერციულ დავებს და მოსამართლეებს, რომლებიც იხილავენ ასეთ დავებს. გარკვეულწილად ეს არის შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების არარსებობის ბრალი. მე მივესალმები კომერციული პალატების შექმნას. როგორც ჩანს სასამართლო სისტემაში არის ექსპერტიზის დეფიციტი, ისევე როგორც დროის დეფიციტი. ჩვენ გვსურს, რომ უფრო მეტი ძვრები ვიხილოთ სასამართლო სისტემის განვითარებაში“ - აცხადებს მაიქლ ქაუგილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები