მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გადახდისუუნარობის შესახებ კანონში ცვლილებები შემოდგომისთვის მზად იქნება

57a9eced5f18c
BM.GE
09.08.16 18:40
1714
გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმის საჭიროების შესახებ საჯარო დისკუსია გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს, როგორც კერძო ასევე სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებმა. გადახდისუუნარობის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილეებზე “ბიზნესკონტრაქტთან“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა საუბრობს.

- ბატონო ნიკოლოზ, რა ცვლილებების გატარება იგეგმება კანონში?

- გადახდისუუნარობის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისათვის. ბიზნესის დაწყების და ბიზნეს გარემოს შექმნის კუთხით საქართველო საკმაოდ წარმატებული ქვეყანაა, თუმცა ბიზნეს გარემოსთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გადახდისუუნარობა და ბიზნესის დახურვის სიმარტივე. რეფორმა სწორედ იმაზეა ორიენტირებული, რომ ბიზნეს გარემო გაუმჯობესდეს.

- ბიზნესთან თუ გქონდათ კომუნიკაცია და ძირითადად რა სახის პრობლემები მოდის მათი მხრიდან?

- ჩვენ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს ბიზნესის სხვადასხვა სტრუქტურებთან. ძირითად პრობლემებს, რასაც ისინი ასახელებენ არის კრედიტორებს შორის რიგითობა და ბუნებრივია, ეს დასარეგულირებელი თემაა. მნიშვნელოვანია ასევე ვადიანობა. ზოგადად გადახდისუუნარობის პროცესი იწელება, პროცესის დასრულებამდე საკმაოდ დიდი დრო გადის. გადახდისუუნარობა ჩვენთან, როგორც კომპანიის გაკოტრების გარკვეული პროცედურა ისე განიხილება, თუმცა ეს ასე არაა. გადახდისუუნარობა მოიცავს, როგორც გაკოტრებას, ასევე რეაბილიტაციას. ჩვენთან ძირითადად გაკოტრების მიმართულებით მიდის საქმე. რეაბილიტაციის კუთხით მთლიანი საქმეების დაახლოებით 3 % განიხილება.

- დაახლოებით რამდენ ხანში მოხდება რეფორმის განხორციელება?

- სამოქმედო გეგმის მიხედვით, დაახლოებით ოქტომბერ-ნოემბერში კანონმდებლობა შემუშავებული იქნება, თუმცა ძირითადი პრინციპები იდენტიფიცირებული მანამდეც გვექნება. საკვანძო საკითხებზე მსჯელობა ბიზნესთან ინტენსიურად განხორციელდება გაფართოებულ ფორმატში. ჩვენი სურვილია, რომ კანონპროექტის შემუშავების პროცესშიც თავისთავად ბიზნესი იყოს ჩართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები