გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმაზე საქართველოს მთავრობა გერმანიის განვითარების ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს. სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელი, ნანა ამისულაშვილი ამბობს, რომ "გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტით, სისტემურად არაფერი იცვლება და ის მხოლოდ კოსმეტიკური დეტალების დაზუსტების მიზანს ემსახურება.
ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროს მომზადებული კანონპროექტით მარტივდება კრედიტორებისთვიდ გადახდისუუნარობის პროცესი. მოვალეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს არა გადახდისუუნარობის დასაწყებად, არამედ რეაბილიტაციის მოთხოვნით, შესაბამისი გეგმის წარდგენით. მესამე ძირეული ცვლილება, რაც კანონპროექტშია გაწერილი კრედიტორსა და მოვალეს შორის ხელშეკრულების გაწყვეტას უკავშირდება. კერძოდ, მხოლოდ გადახდისუუნარობის პროცესის დაწყება არ შეიძლება გახდეს მოვალესთან ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი, ამისათვის დამატებითი საფუძველი უნდა არსებობდეს.
"ამით სისტემურად არაფერი იცვლება. ახალი კანონი იწერება, რომ რაც იყო პრობლემური მიმართულებები შეიცვალოს. ესა ვადები, ეფექტურობა. თანხის ამოღება რომ უფრო მაქსიმალურად ეფექტიანად ხდებოდეს და ხარჯები. ეს ხარჯებით დატვირთული პროცესია. გვინდა იყოს წამახალისებელი მექანიზმები, რადგან დღეს არის საზოგადოებაში სტიგმა, რომ გადახდისუუნარობის პროცესის წამოწყება არის სამარცხვინო, ამიტომ ყველა ერიდება. სანამ ბოლო მომენტი არ დადგება ბიზნესი არ ფიქრობს ამ პროცესში შესვლას. ჩვენ გვინდა კანონი ისე იყოს ,რომ უფრო წაახალისოს ბიზნესი და დაანახოს თავისი უპირატესობა",-აცხადებს ამისულაშვილი.
მისი თქმით, დღეს მოქმედი კანონმდებლობა ბევრი მიმართულებით საჭიროებს დახვეწას.
"ვადები პრობლემურია. დიდი ხანი ველოდებით ბოლოში გასვლას. ამას რამდნიმე მიზეზი აქვს. ერთია სასამართლო, რომელიც ძალიან გადატვირთულია. პრობლემაა უზრუნველყოფილი კრედიტორების რიგი. სანივთო უზრუნველყოფა ირღვევა გადახდისუუნარობაში, ირღვევა რიგითობა, საგნის მიმართ უფლებების დადგენა, რაც უფრო პრიორიტეტულია საბანკოს ექტორისთვის. ირღვევა ასევე არაუზრუნველყოფილი კრედიტორების უფლებები, იმიტომ რომ გეგმის დამტკიცებაში ვერ იღებენ მონაწილეობას. კანონი ბევრ ნაწილში არის ბუნდოვანი და სასამართლო პრაქტიკაში არსებობს განსხვავებული მიდგომები“-ამბობს ნანა ამისულაშვილი.

























