მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გადაზიდვის ნებართვები ახალი წესით განაწილდება - რა იცვლება საერთაშორისო გადამზიდავებისთვის?

ტრაილერი

საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული კომპანიები ნებართვებს აქამდე არსებულისგან განსხვავებული წესით მიიღებენ. კერძოდ, საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართულ კომპანიებს თურქეთში, რუსეთსა და ყაზახეთში ტვირთის გადასაზიდად ნებართვების მისაღებად გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ.

თუ აქამდე მესამე ქვეყნებში ან ქვეყნებიდან საერთაშორისო გადაზიდვების ნებართვების გაცემა დადგენილი კვოტის ფარგლებში ასოციაციების გავლით ხდებოდა, ამიერიდან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ნებართვებს სპეციალური სარეიტინგო სისტემით გაანაწილებს.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს რეიტინგი რამდენიმე პარამეტრის მიხედვით დგება და მასში გათვალისწინებული იქნება მიღებული ნებართვების რაოდენობა, შესრულებული რეისები და იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც კომპანია ოპერირებს. შეფასდება ასევე ბოლო სამი წლის განმავლობაში საერთაშორისო გადაზიდვებში მონაწილეობის გამოცდილებაც. მით მეტ ქულას მიიღებს გადამზიდავი, ვისაც უფრო ახალი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი ჰყავს.

სექტორში მიაჩნიათ, რომ ახალი წესი წინ გადადგმული ნაბიჯია პროცესების გამჭვირვალობისკენ, გამოირიცხა სუბიექტური ჩარევები და კორუფციული რისკები, თუმცა პრაქტიკული ხარვეზების აღმოსაფხვრელად აღნიშნული წესი დახვეწას საჭიროებს.

“წესი ეხება გარკვეული კატეგორიის ნებართვებს. აქ საუბარია თურქეთის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაციასა და ყაზახეთის რესპუბლიკაში გადასატანი ტვირთების, ე.წ მესამე ქვეყნებიდან ან მესამე ქვეყნებში გადასატანი ნებართვების შესახებ.

ქართველი გადამზიდველები ძალიან დიდად ვართ დამოკიდებული მესამე ქვეყნებიდან და მესამე ქვეყნებში გადაზიდვაზე. ამას ობიექტური მიზეზებიც აქვს — ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ტერიტორიული სივრცე არ ტოვებს იმის საშუალებას, რომ შიდა გადაზიდვებით ან ორმხრივი გადაზიდვებით სრულად დაიტვირთოს ქართული ავტოპარკი. ამიტომ, ის დიდი წილად არის დამოკიდებული მესამე ქვეყნის ნებართვებზე. მესამე ქვეყნის ნებართვები კი კვოტირებულია და შეზღუდული რაოდენობით ეძლევა ქვეყანას.

წინა ორი წელი ამ ნებართვებს ასოციაციების გავლით გასცემდა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო. ჩვენ უკეთ ვიცით სექტორის მოთხოვნა, საჭიროებები და უფრო მიზანმიმართულად ვცემდით ამ ნებართვებს, მაგრამ იქაც იყო რაღაც კითხვები, კერძოდ, მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ მაგალითად, ასოციაციის არაწევრი კომპანიები ვერ იღებდნენ ნებართვებს.

მოკლედ, ასეა თუ ისე, მიმდინარე წლიდან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ წარადგინა ახალი წესი, რომელიც ითვალისწინებს გადამზიდველების კლასიფიკაციას რეიტინგების მიხედვით და ამ რეიტინგების მიხედვით მათთვის კვოტირებული ნებართვების გადანაწილებას.

ამან გამოიწვია ასეთი კონსპირაციული თეორიის გავრცელება, თითქოს მაღალი რეიტინგი შეიძლება დააგროვოს მხოლოდ მსხვილმა და სოლიდურმა კომპანიებმა, რაც მცდარი აზრია. ვინაიდან რეიტინგი არ განისაზღვრება მხოლოდ ერთი კომპონენტით და ერთი ავტომანქანის მქონე კომპანიამაც (ფაქტობრივად თვითდასაქმებულმა ინდმეწარმემ) შეიძლება რეიტინგში ხშირად გაუსწროს საკმაოდ მსხვილ ავტოპარკის მქონე კომპანიასაც, თუ დანარჩენი კომპონენტები ექნება უკეთ ათვისებული.

ამ წესს დადებითი და უარყოფითი მხარეები ახლავს. პირველ რიგში, მე ვფიქრობ, რომ დასრულდება საუბარი პროცესის არაგამჭვირვალობაზე, იმიტომ რომ ფაქტობრივად წინასწარ ცნობილია, როგორი ალგორითმით დაითვლება ეს რეიტინგები და როგორ გაიცემა ნებართვები. ასევე არის ის, რომ ამ პროცესში ინვაზია და ჩარევა არ შეუძლია არცერთ სუბიექტს, მათ შორის სახმელეთო ტრანსპორტის ხელმძღვანელობის ჩათვლით. ასე რომ, პროცესი არის მკაცრად განსაზღვრული და ავტონომიური.

რა არის ახლა ცუდი მხარეები. ცუდი მხარე ის არის, რომ წინასწარ ნებისმიერი გადამზიდველისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია გამოითვალოს მისი კომპანიის რეიტინგი და ამ რეიტინგის თანაფარდობა სხვა კომპანიის რეიტინგებთან. ამიტომ კომპანიას წინასწარ არა აქვს საშუალება გამოითვალოს, რა რაოდენობის ნებართვას მიიღებს, რომ ამის მიხედვით დაგეგმოს თავისი საქმიანობის პროცესი.

ასევე უარყოფით მხარედ მიგვაჩნია, რომ გაცემის პერიოდულობა არის წყვეტადი. გადაზიდვებს ფაქტობრივად არ აქვთ უქმე დღეები. ნებისმიერი წყვეტის პერიოდი ძალიან მტკივნეულად აისახება გადამზიდველების საქმიანობაზე.

გარდა ამისა, გადაზიდვების პროცესი, სამწუხაროდ, ეს არის ძალიან მაღალრისკიანი და ფორსმაჟორებით სავსე პროცესი. ასეთი მკაცრი წესი აღარ ტოვებს სივრცეს ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც გადამზიდველს რაღაც განსაკუთრებული მდგომარეობა აქვს. მაგალითად, ექვსი ავტომანქანის მქონე გადამზიდველმა მიიღო ორი ნებართვა კონკრეტულ ნომერზე. თუ გადაზიდვამდე მანქანა გაფუჭდა, ნებართვის სხვა მანქანაზე გადატანა ახლა შეუძლებელია, რაც პრაქტიკულ უხერხულობებს იწვევს.

ჯამში, მე ვფიქრობ, რომ აღნიშნული წესი არის წინ გადადგმული ნაბიჯი გამჭვირვალობისკენ, თუმცა მასში არსებული ხარვეზები საჭიროებს დამუშავებას”,-აცხადებს bm.ge-სთან საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი ნემსაძე.

ნებართვების გაცემის ახალი წესის მიხედვით, თუ ორ გადამზიდავს თანაბარი სარეიტინგო ქულა აღმოაჩნდება, უპირატესობა მიენიჭება იმას, ვისაც მეტი ავტომობილი ჰყავს, მეტი ნებართვა აქვს გამოყენებული ან ვისაც ბოლო 12 თვის განმავლობაში დარღვევა არ უფიქსირდება. რეიტინგზე აისახება გადამზიდავის დარღვევებიც, რაც საბოლოო რეიტინგზე აისახება და შესაბამისად ნებართვების მიღებაზე იმოქმედებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები