მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გადაზიდვის ნებართვების გაცემის წესის ცვლილებას საფუძვლად აუდიტის დასკვნა დაედო - გია წიფურია

ტრაილერი

“მაქსიმალურად სამართლიანი რაც შეიძლება იყოს, სწორედ ნებართვების რეიტინგული განაწილებაა. რამდენადაც ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის ნებართვები, რომელიც ყველაზე ელიტარული ნებართვებია, სწორედ ამ წესით ნაწილდება”,- ასე ეხმაურება გია წიფურია, საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის პრეზიდენტი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვების სანებართვო დოკუმენტების გაცემის წესში ცვლილებებს.

როგორც ცნობილი გახდა, საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული კომპანიები თურქეთში, რუსეთსა და ყაზახეთში ტვირთის გადასაზიდად ნებართვებს განსხვავებული წესით მიიღებენ.

თუ აქამდე მესამე ქვეყნებში ან ქვეყნებიდან საერთაშორისო გადაზიდვების ნებართვების გაცემა დადგენილი კვოტის ფარგლებში ასოციაციების გავლით ხდებოდა, ამიერიდან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ნებართვებს სპეციალური სარეიტინგო სისტემით გაანაწილებს.

ეს რეიტინგი რამდენიმე პარამეტრის მიხედვით დგება და მასში გათვალისწინებული იქნება მიღებული ნებართვების რაოდენობა, შესრულებული რეისები და იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც კომპანია ოპერირებს. შეფასდება ასევე ბოლო სამი წლის განმავლობაში საერთაშორისო გადაზიდვებში მონაწილეობის გამოცდილებაც. მით მეტ ქულას მიიღებს გადამზიდავი, ვისაც უფრო ახალი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი ჰყავს.

გია წიფურიას განმარტებით, რეიტინგის მიხედვით ნებართვების განაწილება უკვე აპრობირებული მეთოდია და ის მაქსიმალურად გამორიცხავს სუბიექტურ მიდგომებს. რეიტინგი დგება კომპანიების ეფექტურობისა და მომსახურების ხარისხის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ მსხვილ კომპანიებს მეტი რესურსი აქვთ, რეიტინგში წარმატების მიღწევა მცირე კომპანიებსაც (5-10 ავტომობილით) შეუძლიათ, თუ ისინი კვალიფიციურ სერვისს სთავაზობენ მომხმარებელს. მისივე თქმით, უახლოესი 5 დღის განმავლობაში იგეგმება თურქეთისა და რუსეთის მიმართულებით 2200-2200 ნებართვის, ხოლო ყაზახეთის მიმართულებით 1200 ნებართვის ამ მეთოდით განაწილება.

“ეს უკვე ნაცადი გზაა. სხვათა შორის ერთხელ უკვე გავანაწილეთ. რაც შეეხება რეიტინგს, პრაქტიკამ საკმაოდ კარგი მაჩვენებელი აჩვენა და შეიძლება თამამად ითქვას, რომ აპრობირებული მეთოდია. მაქსიმალურად სამართლიანი რაც შეიძლება იყოს, სწორედ ეს რეიტინგული მეთოდია. რამდენადაც ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის ნებართვები, რომელიც მაქსიმალურად ყველაზე ელიტარული ნებართვებია, სწორედ ამ წესით ნაწილდება.

ამ წესის შეცვლას საფუძვლად დაედო აუდიტის დასკვნა, სადაც ცალსახად იყო გაწერილი, რომ ძველი წესი ბარიერს უქმნიდა იმ კომპანიებს, რომლებიც არ იყვნენ გაწევრიანებული არცერთ ასოციაციაში”,-აცხადებს გია წიფურია.

ნებართვების გაცემის ახალი წესის მიხედვით, თუ ორ გადამზიდავს თანაბარი სარეიტინგო ქულა აღმოაჩნდება, უპირატესობა მიენიჭება იმას, ვისაც მეტი ავტომობილი ჰყავს, მეტი ნებართვა აქვს გამოყენებული ან ვისაც ბოლო 12 თვის განმავლობაში დარღვევა არ უფიქსირდება. რეიტინგზე აისახება გადამზიდავის დარღვევებიც, რაც საბოლოო რეიტინგზე აისახება და შესაბამისად ნებართვების მიღებაზე იმოქმედებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები