მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაძვირდა "ოცნების" ხელისუფლების გვერდით დგომა"- სანდრო სულაქველიძე არტისტების ჰონორარებზე

ღამის შოუ

„გაძვირდა გვერდით დგომა“- ასე უპასუხა Tbilisi Open Air-ის ტექნიკურმა დირექტორმა სანდრო სულაქველიძემ, მთავრობის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში მონაწილე არტისტების ანაზღაურებაზე დასმულ კითხვას.

მისი თქმით, ჰონორარს არტისტის საშემსრულებლო დონე და გაყიდული ბილეთებიდან მიღებული შემოსავლები განსაზღვრავს, თუმცა მთავრობის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში მონაწილე ხელოვანებისთვის გადახდილი ჰონორარი იმაზე უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში იქნებოდა. “მათთან ["ქართულ ოცნებასთან"] გვერდით დგომა ძვირად ფასობს”, - განაცხადა სანდრო სულაქველიძემ გადაცემა "რედაქტ2"-თან ინტერვიუში.

„ამ სფეროში ბევრი არტისტი ძალიან მაღალ საშემსრულებლო დონეზე დადგა და მათი ჰონორარებიც გაიზარდა. ვგულისხმობ ბენდებს და მომღერლებს, რომლებიც აქტუალურები არიან და მათი ჰონორარები განისაზღვრება ივენთებზე გაყიდული ბილეთებიდან მიღებული შემოსავლითაც.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც დიდხანს არსად ჩანან და მღერიან მხოლოდ საახალწლო კონცერტებზე ან ქალაქის დღეობებზე, მაგრამ არიან ასევე მუსიკოსები, რომელთა უმრავლესობა დღეს დგას ქუჩაში. სამთავრობო საახალწლო კონცერტებში მონაწილე მუსიკოსების უმრავლესობა ამით არ გამოირჩეოდა აქამდე, ანუ მათი შემოსავლის წყარო არის დაფინანსებული კონცერტები.

ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, [მიღებული ჰონორარები] ცოტა უფრო მეტია იმაზე, ვიდრე იქნებოდა საბაზრო ღირებულება ნორმალურ პირობებში, უბრალოდ იმიტომ, რომ მათ გვერდით მდგომი აღარავინ დარჩა, ვგულისხმობ ხელისუფლებას. მათთან გვერდით დგომა უფრო ძვირად ფასობს ახლა, იმიტომ, რომ ამ ადამიანებსაც გაცნობიერებული აქვთ, რომ დღეს მათ გვერდით დგომა საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან იწვევს ნეგატიურ გამოხმაურებას, ამიტომ ამ ნეგატივის მიღებასაც რაღაც ფასი აქვს“, - განაცხადა სანდრო სულაქველიძემ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში მუნიციპალიტეტების მიერ არტისტებთან გაფორმებული კონტრაქტებიდან ჩანს, რომ დეკემბერში სხვადასხვა ღონისძიებაზე ყველაზე დიდი - 80,000 ლარის კონტრაქტები გაფორმდა გადაცემა "ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან" წამყვანთან და გადაცემის ბენდთან, რაც ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შესყიდვებს უკავშირდება. ჯგუფ "ურსას", საერთო ჯამში, 70,700 ლარის შესყიდვები გაუფორმდა სიღნაღის, რუსთავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებისგან. ნიკა ნიკვაშვილს კი ქუთაისისა და თელავის მუნიციპალიტეტებმა 63,737 ლარის კონტრაქტები გაუფორმეს.

მხოლოდ ბათუმის მერიამ 2025 წლის საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებასა და მუსიკოსების ჰონორარებში ჯამში 772 ათას 978 ლარი ტენდერის გარეშე გაითვალისწინა. ყველაზე მეტი თანხა თიკა ბალანჩინსა და მისი ბენდისთვის გამოიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები