მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაძვირდება თუ არა მგზავრობა?- რას ამბობენ "თბილისის მიკროავტობუსში"

5d2df6d0e0503
სალომე მეცხვარიშვილი
16.07.19 20:30
1003
გაძვირდება თუ გაიაფდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა რეფორმების შემდეგ არც “თბილისის მიკროავტობუსში” იციან. მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში მორიგი ცვლილებები დააანონსა, რომელიც შესაძლებელს ხდის, რომ ავტობუსით, მეტროთი და მიკროავტობუსით მგზავრობა საერთო ბილეთით იყოს შესაძლებელი, გაჩნდა კითხვა, რამდენად იმოქმედებს ეს ფასზე.

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მას კონკრეტული პასუხი არ აქვს, რა ეღირება საერთო ბილეთით ავტობუსით, მეტროთი და მიკროავტობუსით მგზავრობა, რომლის დანერგვაც 2021 წლის ზაფხულიდან იგეგმება.

როგორი იქნება ბილეთების “შეწონილი ფასის” დადგენის შემდეგ მგზავრობის ღირებულება ამის პროგნოზირება კომპანია “თბილისის მიკროავტობუსშიც” უჭირთ. თუმცა, დედაქალაქის მერიასთან ჯერ კიდევ 2011 წელს დადებული ხელშეკრულების გადახედვის უარზე არ არიან. გარდა საბილეთო სისტემის ცვლილებისა კომპანიას ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების ჩანაცვლებაც მოუწევს.

“ჩვენ ველოდებით დასკვნას და მერიის პირდაპირ მითითებას. აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს მათთან. ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია ის ფორმა, რა ფორმითაც იგეგმება ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავება თბილისის მერიაში.

ინტეგრირებული ფორმა ეს ნიშნავს, რომ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში უპრობლემოდ და თავის დროზე მიხვიდეთ ისე, რომ შესაძლოა 2 ტრანსპორტის გამოცვლა მოგიწიოთ. იქნება საუბარი სავარაუდოდ იმაზე, რომ არ მოხდეს ხაზების დუბლირება”,- აცხადებს კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია მიქიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები