სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების მიზანია, ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, ელექტროენერგიის გადასახადი მათთვის უცვლელი დარჩეს.
მთავრობის დადგენილებით - ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000- ზე ნაკლებია, დამატებით - 5 თეთრი დაუსუბსიდირდებათ. ჯამში ისინი, დახმარების სახით, მიიღებენ 2020 წლის დეკემბერსა და 2015 წლის ივლისში არსებული სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას დამატებულ 1 კვტ-სთ-ზე 8.5 თეთრს - ამ დრომდე ეს მაჩვენებელი 1კვტ-სთ-ზე 3.5 თეთრს შეადგენდა. ის ოჯახები კი, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა, 200 კვტ-სთ-ის ელექტროენერგიას 1 კვტ-სთ-ზე 8.5 თეთრის ოდენობით სუბსიდიას მიიღებენ - ამ დრომდე ეს მაჩვენებელი კვტ- სთ-ზე 3.5 თეთრს შეადგენდა.
"სიახლე თბილისის გარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ ბენეფიციარებს შეეხებათ. რაც შეეხება მრავალშვილიან ოჯახებს, ელექტროენერგიის ახალი ტარიფის შესაბამისად, დამატებით - 10 ლარის სუბსიდიას მიიღებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ სტატუსის მქონე ოჯახები, სოციალური შეღავათის სახით, ელექტროენერგიის გადასახადისთვის 20 ლარის ნაცვლად 30 ლარს მიიღებენ. ამას ემატება 10-ლარიანი სუბსიდია ყოველ მომდევნო შვილზე. ცვლილება უკვე ამოქმედდა - მთავრობის გადაწყვეტილება ძალაში პირველი აპრილიდან შევიდა", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
მიმდინარე წლის მარტის ბოლოს სემეკმა, ელექტროენერგიის ახალი ტარიფები დაადგინა. შედეგად, 1 აპრილიდან ელექტროენერგია გაძვირდა ყველა ტიპის მომხმარებლისთვის: როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული სექტორისთვის. თბილისსა და რეგიონებში საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფი 5 თეთრით, ხოლო საწარმოებისთვის 4-6 თეთრით გაიზარდა.




























