მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაძვირებული ნავთობი და საქართველო|რა ბერკეტები აქვს ხელისუფლებას საწვავის გაძვირების შესაკავებლად?

ლიანა ჯერვალიძე

მსოფლიოში ნავთობის ფასების რეკორდული ზრდის ფონზე, საწვავი საქართველოშიც გაძვირდა. ქვეყანაში მოქმედ ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ფასების კორექტირება 7 მარტიდან დაიწყო. ბოლო ცვლილების მიხედვით, რიგ სადგურზე ფასები 2-12 თეთრით არის გაძვირებული, ხოლო ზოგიერთ ქსელში დიზელის ფასის მატება 18 თეთრია. ამასთან, საქართველოში მოქმედ სადგურებზე ფასი უფრო მეტად დიზელის ტიპის საწვავზე გაიზარდა.

რა შეუძლია გააკეთოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზრის რყევები ადგილობრივ მომხმარებელს მტკივნეულად არ დააწვეს? - რეგიონული ენერგეტიკისა და ტრანსპორტის ექსპერტი ლიანა ჯერვალიძე აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ საქართველოს ნავთობპროდუქტის იმპორტის პრობლემა არ შეექმნება. ექსპერტი კონკრეტული რეკომენდაციებისგან თავს იკავებს, თუმცა თქვა, რომ თუ სახელმწიფო გარკვეულ მხარდაჭერაზე იფიქრებს, საგაზაფხულო სამუშაოების მოახლოების გათვალისწინებით, პრიორიტეტული სოფლის მეურნეობა უნდა იყოს.

- როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში საწვავმა გაძვირება დაიწყო. იმპორტიორები ელიან, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. მსგავს სიტუაციაში საინტერესოა თქვენი, როგორც ექსპერტის აზრი - რა შეუძლია გააკეთოს იმპორტდამოკიდებული ქვეყნის ხელისუფლებას, რათა საწვავი მკვეთრად არ გაძვირდეს, რასაც ჯაჭვური რეაქციით ინფლაციის დაჩქარება და სხვა პრობლემები მოჰყვება?

- ის, რაც საერთაშორისო ბაზარს სჭირს, ჩვენ არ გვეხება იმ გაგებით, რომ ჩვენთან მოწოდების ჯაჭვები არ არის ჩაშლილი. გვერდით გვყავს აზერბაიჯანი, ზევით - რუსეთი, იქით - რუმინეთი და ბულგარეთი, ამიტომ ამ მხრივ, არაფერი გვემუქრება.

- ანუ ნავთობპროდუქტების შემოტანის პრობლემა არ იქნება, მთავარია, რა ფასად მოგვიწევს ყიდვა...

- მოლაპარაკების პროცესშიც შეგვიძლია ვიყოთ წამყვან პოზიციაზე, ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ჩვენი ბაზარი მცირეა და შედარებით კონკურენტული ფასების მიღება დიდი დანაკარგი არ არის მომწოდებლისთვის.

- არ ფიქრობთ, რომ რადგან ასეთი ფორსმაჟორული სიტუაციაა, იმპორტიორებს გარკვეულწილად სახელმწიფოც უნდა უმაგრებდეს ზურგს საიმპორტო ქვეყნებთან მოლაპარაკებებისას?

- იცით, რა არის?! ვფიქრობ და ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილმაც აღნიშნა, რომ დიზელზე ფასების ზრდა მოსალოდნელია, რადგან გაზაფხულია და სოფლის მეურნეობას ის ძალიან სჭირდება. ამიტომ თუ მთავრობა რაიმე სახის მხარდაჭერასა და ხელშეწყობაზე იფიქრებს, მიმაჩნია, რომ ამ მხრივ, სოფლის მეურნეობის სექტორი ყველაზე პრიორიტეტულია. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, თუმცა მათ უკეთ იციან...

- შესაძლოა, რჩევაც სჭირდებათ.

- მე უბრალოდ ჩემი მოსაზრება გამოვთქვი.

- რაც შეეხება აქციზის დროებით გაუქმებას ან შემცირებას, როგორც ერთ-ერთ კომპონენტს, არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი? მაგალითად, მსგავსი ნაბიჯი სამხრეთ კორეის მთავრობამ დააანონსა...

- გააჩნია აქციზიდან შემოსავალს ბიუჯეტში რა წილი აქვს...

- საკმაოდ დიდი წილი აქვს. როგორც მახსოვს, შარშანდელი მონაცემებით, დაახლოებით, 800 მილიონ ლარამდე იყო, ამიტომაც ვიგულისხმე დროებითი და ნაწილობრივი შემცირება...

- მთავარია, რამდენად შესაძლებელია ამის დაბალანსება, რადგან ბიუჯეტი გაწერილია, ყველა შემოსავალი კონკრეტულ ხარჯზეა მიბმული და გააჩნია, რით შეიძლება ამ დანაკლისის ამოვსება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები