საწვავი ისევ ძვირდება. რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტის აკრძალვის შემდეგ, ქართული ბაზარი ევროპელ მომწოდებლებზე გადართვის პროცესშია. ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ღირებულება 30-დან 50 თეთრის ფარგლებში უკვე გაიზარდა. ნავთობკომპანიებში ირწმუნებიან, რომ რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა, საქართველოში ბენზინისა და დიზელის დეფიციტს არ გამოიწვევს. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ ფასების მატება, შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს, თუმცა ეს საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებასა და ევროპულ ბაზარზე დაბრუნებული კომპანიების ხელშეკრულებებზე იქნება დამოკიდებული. გაძვირებული საწვავის ეფექტი უკვე ასახულია გადამზიდავ კომპანიებზე. როგორც ,,კაიროს ლოჯისტიკში” აღნიშნავენ, ბოლო 2 კვირაში გადაზიდვების ღირებულება 10-დან 15%-მდე გაიზარდა. გაზრდილი ხარჯების ფონზე, მოლოდინია რომ გაძვირდება იმპორტირებული საქონელიც. მიხეილ ნამადოვის განცხადებით, ფასები განსაკუთრებით ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე გაიზრდება. რამდენით ან კონკრეტულად რომელი პროდუქტები გაძვირდება, რითეილ ექსპერტებს პროგნოზის გაკეთება ჯერჯერობით უჭირთ, თუმცა მიაჩნიათ, რომ ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება.