8-დან 12 ნოემბრის ჩათვლით, იტალიის ჩრდილოეთით ქალაქ მერანოში “მერანოს ღვინის ფესტივალი” გაიმართა. 33-წლიანი ისტორიის მქონე „მერანოს ღვინის ფესტივალი“ მსოფლიო მასშტაბის ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ღვინის მწარმოებლები, ექსპერტები და ჟურნალისტები ესწრებიან. საქართველოდან წარმოდგენილ სხვა მწარმოებლებთან ერთად, წელს პირველად საერთაშორისო ღვინის სექციაში კომპანია არემჯის მხარდაჭერით, გაერთიანება „ღვინო ბოლნისმა“ 10 მცირე მარნის ღვინო წარადგინა. ფესტივალის სტუმრებს 3 დღის მანძილზე ბოლნისურ ღვინოებს სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი აცნობდა. ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღვინის კონკურსზე ბოლნისურმა ღვინოებმა 7 მედალი მოიპოვეს, აქედან 2 ოქრო და 5 ვერცხლი. წელს “მერანოს ღვინის ფესტივალმა” იტალიაში ქართული ღვინის ელჩად, სომელიე თამარ ჭიჭიბოშვილი დაასახელა, რომელიც ქართულ ღვინოებს წარადგენდა. თამარმა ფესტივალის მსვლელობისას ქართული ღვინით დაინტერესებული ექსპერტებისა და ღვინის მწერლებისთვის მასტერკლასიც გამართა.