მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაერთიანებულ სამეფოში 2008 წლის შემდეგ დაბადებულთათვის მოწევა სრულად აიკრძალა

თამბაქო

ბავშვებს, რომლებსაც 2027 წლის 1-ელ იანვრამდე 18 წელი არ შეუსრულდებათ, გაერთიანებულ სამეფოში სიგარეტისა თუ თამბაქოს ნაწარმის შეძენა სამუდამოდ აეკრძალებათ.

ინიციირებულმა კანონმა უკვე სრულად გაიარა საპარლამენტო პროცედურები და ახლა მხოლოდ მეფე ჩარლზ III-ის თანხმობას ელოდება.

თამბაქოსა და ელექტროსიგარეტების (ე.წ. ვეიპების) შესახებ კანონპროექტმა ბოლო საპარლამენტო ბარიერი ორშაბათს გადალახა, როდესაც ლორდთა პალატამ ბოლო მცირე შესწორებები დაამტკიცა.

შეგახსენებთ, რომ ამ კანონზე მუშაობა 2024 წლიდან, ლეიბორისტული მთავრობის მმართველობის დასაწყისიდან მიმდინარეობდა.

მსოფლიოში მსგავსი "თაობათა მოწევის აკრძალვა" ამჟამად მხოლოდ ერთ ქვეყანაში - მალდივებზე მოქმედებს.

პირველმა ქვეყანამ, ახალმა ზელანდიამ, რომელმაც ეს მიდგომა დანერგა, 2023 წელს მთავრობის შეცვლის შემდეგ კანონი მალევე გააუქმა.

ახალი წესები გაერთიანებული სამეფოს ოთხივე შემადგენელ ნაწილში: ინგლისში, შოტლანდიაში, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში იმოქმედებს.

რა იცვლება?

  • ახალი კანონით სიგარეტის, სიგარის ან თამბაქოს შეძენისთვის დადგენილი ასაკობრივი ზღვარი (რომელიც ამჟამად 18 წელია), 2027 წლის 1-ლი იანვრიდან ყოველწლიურად ერთი წლით გაიზრდება.
  • პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც 2009 წლის 1-ელ იანვარს ან მის შემდეგ დაიბადნენ, თამბაქოს ლეგალურად შეძენას ვერასდროს შეძლებენ.
  • მცირეწლოვნებზე პროდუქტის მიყიდვისთვის საცალო მოვაჭრეებს ფინანსური სანქციები დაეკისრებათ.
  • მთავრობა უფლებამოსილი იქნება, ქვეყანაში შემომავალი მოსაწევი და ელექტროსიგარეტის პროდუქტებისთვის ზედამხედველობის გასაუმჯობესებლად ახალი სარეგისტრაციო სისტემა შემოიღოს.
  • კანონპროექტით, შენობებში მოწევის აკრძალვა ზოგიერთ ღია საჯარო სივრცეზეც გავრცელდება (მაგალითად: საბავშვო მოედნები, სკოლებისა და საავადმყოფოების მიმდებარე ტერიტორიები).
  • დახურული სივრცეების უმეტესობა, სადაც მოწევა აკრძალულია, ასევე თავისუფალი გახდება ელექტროსიგარეტებისგან (ვეიპებისგან).
  • პაბების, ბარებისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების გარეთ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში მოწევა ნებადართული რჩება.
  • მოწევა ასევე ლეგალური იქნება ადამიანების საკუთარ სახლებში.
  • თუ მანქანაში 18 წლამდე ასაკის პირი იმყოფება, მასში ელექტროსიგარეტის მოხმარება აიკრძალება (რაც უთანაბრდება სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებულ უკვე არსებულ წესებს).
  • აიკრძალება თამბაქოსა და ვეიპის პროდუქტების რეკლამირება.
  • 18 წლის ან უფროსი ასაკის პირებს ელექტროსიგარეტების შეძენის უფლება უნარჩუნდებათ, თუმცა ახალგაზრდა მომხმარებლებზე გათვლილი ზოგიერთი პროდუქტი (მაგალითად, ერთჯერადი ვეიპები) პროგრამის ფარგლებში უკვე აიკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები