მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაერთიანებულ საქმეებს ისეთ მოსამართლეებს დააწერენ, რომლებისგანაც თეთრიწყაროს მსგავსი გადაწყვეტილება გამორიცხულია - იურისტი

იურისტი

არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის საქმესთან დაკავშირებით საია-ს სააპელაციო საჩივრები გაერთიანდა. გაერთიანებულ საქმეებზე კი ქუთაისში სასამართლო პროცესი დღეს, 5 ნოემბერს გაიმართება, თბილისში კი, 6 ნოემბერს.

„კოჟორიძე და იურისტების“ მმართველი პარტნიორი, კახა კოჟორიძე BMGtv-ის გადაცემა "საქმის კურსში" ამბობს, რომ გაერთიანების მიზეზია ის, რომ სისტემას არ სურს დაუშვას ისეთი პრეტენდენტი, როგორიც მოხდა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში. შესაბამისად, გააერთიანეს საქმეები და დააწერენ ისეთ მოსამართლეებს, რომლებიც ასეთ დაშვებას გამორიცხავს.

"სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. პირდაპირ ეთერში ვუყურებდი გუშინ სასამართლოს და სიმართლე რომ ვთქვა, არ მქონდა მსგავსი გადაწყვეტილების მოლოდინი. ამ ტიპის დავებზე, აქამდე სასამართლოს სახით გვხვდებოდა ყრუ კედელი. ადრეც იყო იშვიათი გამონაკლისები, მაგრამ 30 უბნის შედეგების გაუქმება მაინც განსაკუთრებული გამონაკლისია, დამოუკიდებლობიდან დღემდე.

სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი მოსამართლის სიტყვითაც. დავინახე მოსამართლე, რომელსაც გააზრებული ჰქონდა, რამხელა პასუხისმგებლობაა ქვეყნის და ხალხის წინაშე მანტიის ტარება. კომპეტენტური ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, რაც მოვისმინე და დავინახე, ტაში დავუკარი. ვიცით, რომ ეს გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში და ცხადია, არსებობს ამ გადაწყვეტილების შეცვლის დიდი ალბათობა, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება.

ახლა, გაერთიანების მიზეზია ის, რომ სისტემას არ სურს დაუშვას ისეთი პრეტენდენტი, როგორიც მოხდა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში. შესაბამისად, გააერთიანეს საქმეები და დააწერენ ისეთ მოსამართლეებს, რომლებიც ასეთ დაშვებას გამორიცხავს. მე ასეთი განცდა მრჩება იმ გამოცდილებით, რაც ასეთი ტიპის დავებზე სასამართლოში არსებობს.

მე, დღეს უამრავ საქმეზე წარმოვადგენ ჩემს კლიენტებს სასამართლოში. ვერ ვიტყვი, რომ დღეს სიმართლის პოვნა სრულად შეუძლებელია. ასე არ არის, მაგრამ როცა საქმე ეხება პოლიტიკურ დავებს, ან ძალიან დიდ ბიზნესს, რომელსაც ასევე პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ასეთ საქმეებზე სასამართლოში სიმართლის პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია უიშვიათესი გამონაკლისების გარდა და სამწუხაროდ, არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს გამონაკლისი სააპელაციო სასამართლოში დადგება. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი ეს მოლოდინი არ გამართლდება", - განაცხადა კოჟორიძემ.

თეთრიწყაროს სასამართლო ერთადერთი გამონაკლისია პირველ ინსტანციაში, რომელმაც საია-ს სარჩელი დააკმაყოფილა და ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგები გააუქმა. საარჩევნო ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტლება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები