მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ნათია მიქელაძის განცხადებით, გაერთიანებულმა სამინისტროებმა რეორგანიზაცია სამთვიან პერიოდში უნდა განახორციელონ. კანონპროექტს ახლავს ვრცელი გარდამავალი დებულებები, სადაც დეტალურადაა გაწერილი ყველა ის ღონისძიება, რომელიც საქართველოს მთავრობამ და უწყებებმა უნდა განახორციელონ ამ კანონის ძალაში შესვლის შემდგომ.
„აქ საუბარია სამთვიან პერიოდზე, რომლის დროსაც უნდა განხორციელდეს გაერთიანებული უწყებების მიერ შესაბამისი რეორგანიზაციები და დაიგეგმოს უკვე გაერთიანებული უწყებების სწორი მართვა შესაბამისი ანალიზის საფუძველზე“, - აღნიშნა ნათია მიქელაძემ.
მისივე თქმით, უწყებების წარმოდგენილ ოპტიმიზაციასთან ერთად, სამომავლოდ, გაგრძელდება ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯების შემცირება. ასევე, დაგეგმილია შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯის ზედა ზღვრის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 3.9%-მდე შენარჩუნება. „ეს იქნება ზედა ზღვარი, რაც მცირე მთავრობის მქონე მაღალგანვითარებული ქვეყნების სტანდარტია და ჩვენც ამის მიხედვით გვაქვს გეგმა წარმოდგენილი“, - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.
„ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, მოქნილი ოპერატიული და ეფექტიანი სამთავრობო ინსტიტუტები, რომლებიც მოქმედებენ გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით და რომლებზეც ხორციელდება საზოგადოებრივი და ინსტიტუციონალური კონტროლი. მცირე და მოქნილი მთავრობის კონცეფციის განსახორციელებლად, ამ ეტაპისთვის დაგეგმილია სამთავრობო უწყებების გაერთიანება/ოპტიმიზაცია და მათ შორის ფუნქციების გადანაწილება დაგეგმილი რეფორმების სწრაფად და ეფექტურად განხორციელების მიზნით. მიგვაჩნია, რომ უნდა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია“, - აღნიშნა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა პარლამენტში.

























