მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაფართოების შემოდგომა ახლოვდება" - მარტა კოსი

მარტა კოსი

"გაფართოების შემოდგომა ახლოვდება", - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა. როგორც მან პლატფორმა X-ზე დაწერა, 2026 წელი ამ კუთხით პროგრესის რეკორდული წელია.

"ჩვენ ვგეგმავთ უფრო მეტს. დისკუსიები ახლა ინტენსიურ ხასიათს იღებს იმაზე, თუ როგორ მოვამზადოთ ჩვენი გაერთიანება უკეთ ახალი წევრების მისაღებად. გაფართოებული ევროპა იქნება უფრო ძლიერი, რათა დავიცვათ ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები სახლში და უზრუნველვყოთ ჩვენი ინტერესების დაცვა გლობალურად", - დაწერა მარტა კოსმა.

ცნობისთვის, 3-4 სექტემბერს ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოს არაფორმალური შეხვედრა იმართება, რომლის ფარგლებშიც მარტა კოსმა ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა.

მისი თქმით, დღეს გეგმავენ განიხილონ, თუ როგორ უნდა მოემზადოს ევროკავშირი ახალი წევრი ქვეყნების მისაღებად, რაც ოთხი მიმართულებით წარიმართება:

"პირველ რიგში, განვიხილავთ, თუ რა გავლენას მოახდენს გაფართოება ჩვენს პოლიტიკასა და წევრ ქვეყნებზე.

მეორე ეხება შიდა რეფორმებს, ვისაუბრებთ შიდა რეფორმებზე, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის, როგორც გლობალური მოთამაშის და ეფექტური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოს, პოზიციების შესანარჩუნებლად.

მესამე მიმართულება იქნება უსაფრთხოება. ვისაუბრებთ უსაფრთხოების მექანიზმების ახალ თაობაზე, რათა უზრუნველვყოთ, რომ ახალმა წევრმა ქვეყნებმა შეძლონ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა მომდევნო 5, 10 თუ 15 წლის განმავლობაში.

ხოლო მეოთხე იქნება ეტაპობრივი ინტეგრაციის საკითხი - უნდა შევავსოთ ნაპრალი გეოპოლიტიკურ საჭიროებასა და დამსახურებაზე დაფუძნებულ პრინციპს შორის. დამსახურებაზე დაფუძნებული გაფართოება დროს მოითხოვს, განვიხილავთ ეტაპობრივი ინტეგრაციის ახალ გზებს, რათა კანდიდატ ქვეყნებს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ სრულუფლებიან წევრობამდე", - განაცხადა ევროკომისარმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები