გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი პარლამენტის ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და აქცენტები რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე გააკეთა.
დავითაშვილის განცხადებით, დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს დაცული ტერიტორიების სისტემის ქსელის გაფართოება და დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარება, რათა ხელი შეეწყოს ერთი მხრივ, ბუნების დაცვას და, მეორე მხრივ, მდგრადი ეკოტურიზმის განვითარებას ქვეყანაში.
ამასთან, მინისტრობის კანდიდატის თქმით, დაგეგმილია წყლის რესურსების მდგრადი მართვის ფართომასშტაბიანი რეფორმა, რაც ეფუძნება ევროპულ გამოცდილებას.
„რეფორმის მიზანია მდინარეთა აუზების საზღვრებში წყალმოსარგებლეებს შორის შესაძლო კონფლიქტების თავიდან აცილება და ქვეყნის წყლის რესურსების მდგრადი ათვისება/გამოყენების ხელშეწყობა.
ამავე დროს, დაგეგმილია ევროპული გამოცდილების გაზიარებით თევზჭერის სექტორის ახლებურად დარეგულირება, რათა ქვეყანაში მოხდეს თევზის რესურსის მდგრადი გამოყენება, თევზმეურნეობებისა და აკვაკულტურის მიმართულების განვითარება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

























