ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის გამოც მაღაროელებმა შეხვედრა დატოვეს და კომპანიის ჭიათურიდან წასვლა მოითხოვეს.
მათ ქალაქში კომპანიის წასვლის მოთხოვნით მსვლელობა მოაწყვეს. მაღაროელების განცხადებით, გაფიცვა და შიმშილობა გრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ჭიათურაში მაღაროელები მეათე დღეა შიმშილობენ. ერთ-ერთი დღეს შეუძლოდ გახდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მკურნალობის შემდეგ კი კვლავ კარავში დაბრუნდა და შიმშილობა გააგრძელა.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში 170 მაღაროელი ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცა.

























