"რუსთავის ფოლადში" გუშინ გაფიცული 150 თანამშრომელი მუშაობას შეუდგა, თუმცა საწარმოში ახლა სხვა დასაქმებულები გაიფიცნენ. ამის შესახებ BM.GE-ს "რუსთავის ფოლადის" გენერალური დირექტორის მოადგილემ არჩილ მელიქიძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, 16 მაისს გაფიცულ წვრილსორტული საამქროს 150 თანამშრომელს სამუშაო დრო 25%-ით შეუმცირდებათ და ჯამში, 3 ცვლის მაგივრად, 4 ცვლაში იმუშავებენ, ხოლო თითო ცვლაში 35 ადამიანი იქნება დასაქმებული.
წვრილსორტული საამქროს თანამშრომლებმა მუშაობა დაიწყეს, თუმცა როგორც მელიქიძე აღნიშნავს, ამჯერად ფოლადსადნობი საამქროს 250-მდე თანამშრომელი გაიფიცა და ისინი ანაზღაურების 50%-ით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის განცხადებითვე, "რუსთავის ფოლადის" დირექცია ფოლადსადნობი საამქროს თანამშრომლებს ორშაბათს შეხვდება და გადაწყვეტილებას გააცნობს.

























