მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაფიცვამ გვაჩვენა, რომ ბიზნესის სამოქალაქო სინდისი მათთან დასაქმებული ადამიანებია - თეონა ბაღდავაძე

#BMGDRIVE - „პროპაგანდის ხერხი - შერეული სიგნალები“

საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტის თეონა ბაღდავაძის შეფასებით, გაფიცვამ აჩვენა, რომ ბიზნესის სამოქალაქო სინდისი მისი დასაქმებულები არიან.

თეონა ბაღდავაძემ მიმდინარე მოვლენებზე BMGDRIVE-ში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავტორიტარულ რეჟიმს შეშინებული ადამიანები ასაზრდოებენ, ამიტომ ამ შიშის გადატეხა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

"გაფიცვამ გვაჩვენა, რომ ბიზნესის სამოქალაქო სინდისი არიან ის ადამიანები, ვინც მათთან მუშაობენ - დასაქმებულები. ესენი არიან წესიერი ადამიანები, ვინც დილით დგებიან, მიდიან, თავის საქმეს აკეთებენ და დარწმუნებული ვარ, კეთილსინდისიერად ემსახურებიან საკუთარ საქმეს. დავინახეთ, რომ ეს ხალხი საკუთარი საქმის ერთგული და არა ვიღაც ბობოლა ტიპების. ესაა ზუსტად ის ევროპა რომელზეც ვსაუბრობთ, რომ იქ ნებისმიერი ადამიანი, ბარისტადან დაწყებული მომარაგების თანამშრომლით დამთავრებული, ზუსტად ისეთივე ღირსებით უდგება საკუთარ საქმეს, როგორც ვთქვათ ბიზნესის მფლობელი. ამაზე უნდა იდგეს პატივისცემა და არა რაღაც მახინჯ იერარქიულ სისტემებზე.

დიქტატორის ძირითადი მხარდამჭერი, მასაზრდოებელი წყარო არ არის ის პირობითად 500 ტიტუშკა ან რობოკოპი, რომელიც დღეს ქუჩაშია, მათ საბოლოოდ რესურსი ამოეწურებათ. მასაზრდოებელი არის შეშინებული ადამიანები, რომლებიც ხმას ვერ იღებენ და ამ შიშის გადატეხა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენს სიტუაციაში. ბიზნესმა გამოიღვიძა მაშინ, როდესაც დაინახა რეალური საფრთხე",- განაცხადა თეონა ბაღდავაძემ.

მისივე თქმით, არსებულ მოცემულობამდე აქამდე არსებული ნიშნების სერიოზულად არ აღქმამ მიგვიყვანა. საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტის შეფასებით, ევროინტეგრაციაზე "ქართული ოცნების" 28 ნოემბრის განცხადება არ იყო შეცდომა, უბრალოდ მათ ვერ გათვალეს რეაქციის სიმძაფრე.

"ამ მთავრობას არაფერი არ მოსვლია შემთხვევით. ეს მათი სტრატეგია იყო იმიტომ, რომ ზუსტად ასე ყალიბდება ტოტალიტარული რეჟიმი. ის ერთ დღეში ვერ ყალიბდება, ნიადაგის მომზადება სჭირდება. აქამდე ვუყრუებდით, ვიცინოდით, უუნაროებს ვეძახდით, მაგრამ უცებ დავინახეთ მთელი ბოროტების მანქანა. აქამდე მივედით წაყრუებით, გვეგონა რაღაც გვეშლებოდა, არ გვესმოდა. არანაირი კომუნიკაციის პრობლემა მთავრობას არ ჰქონდა, პირიქით იდეალურად შეასრულა ამოცანა, რასაც მას კგბ უსახავდა. მთავრობა გვაძლევდა შერეულ სიგნალებს, ერთმანეთის საწინააღმდეგო არგუმენტები მოჰყავდა, რითაც დაგვაბნიეს",- განაცხადა თეონა ბაღდავაძემ და დასძინა, რომ გამოსავალს ახალ არჩევნებსა და დაკავებულების გათავისუფლებაში ხედავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები