მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაგრძელდება თუ არა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა? - გვენეტაძის პასუხი

5fe377d298a83
ანუკა ჯოხაძე
23.12.20 23:40
1882
“საკმაოდ დაძაბულია 2021 წლის ბიუჯეტი, ვფიქრობ, რთული იქნება დამატებითი სუბსიდირების გამონახვა”- ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ BM.GE-ის კითხვას, იგეგმება თუ არა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის გაგრძელება.

როგორც ცნობილია კონკრეტული დეველოპერული კომპანიები პროგრამის გაგრძელებას ითხოვენ, რადგან პროგრამა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ქვეყნის მთავარი ბანკირი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა 2021 წლის ბიუჯეტის გათვალისწინებით, მისი თქმით, ქვეყანას დამატებითი სუბსიდირების რესურსი არ აქვს.

“ვფიქრობ,  სუბსიდირების პროგრამის ამ ნაწილს ჰქონდა ნამდვილად ეფექტი, რომელიც გათვლილი იყო იმაზე რომ იმ პერიოდში, როდესაც ეკონომიკის ვარდნა და სექტორის დაზარალება შესაძლებელია კიდევ უფრო მეტი ყოფილიყო დახმარების გარეშე. იმის გამო რომ უძრავ ქონებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობისთვისაც, ეს სუბსიდია რომ გაკეთებულიყო ვფიქრობ, საკმაოდ ეფექტური იყო. რაც შეეხება პროგრამის გაგრძელებას, ჩემთვის ეს არ არის ცნობილი. მე რამდენადაც ვიცი საკმაოდ დაძაბულია შემდეგი წლის ბიუჯეტი, საკმაოდ მაღალია დეფიციტი ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რთული იქნება დამატებითი სუბსიდირების გამონახვა", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამა 2020 წლის 28 მაისს წარადგინა. იპოთეკის სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარი იყო და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება. სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს. სუბსიდირება ეხება ყველა იმ პირს, ვინც ბანკს შესაბამისი მოთხოვნით 1 იანვრამდე მიმართავს.

პროგრამის ვადა სულ რამდენიმე დღეში იწურება, კონკრეტული სამშენებლო კომპანიები კი ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, აღნიშნული მექანიზმი სექტორს დაეხმარა, ხოლო მისი გაგრძელების შემთხვევაში როგორც კერძო სექტორი ისე თავად სახელწიფო მოგებაშია, რადგან ამ სექტორის დაფინანსება ფინანსურად კარგი ინვესტიციაა. "არსის" გენერალური დირექტორი იმასაც ამბობს, რომ დეველოპერები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციას უკვე აწარმოებენ კომერციულ ბანკებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები