მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გაგვიძვირდა ყველა პროდუქტის თვითღირებულება“ – „ეიფორია“

640f27cb91e60
ნანუკა ნარიმანიძე
13.03.23 23:19
555
„ბოლო წლებში გაძვირდა ნედლეული, შესაბამისად ყველა პროდუქტის თვითღირებულება გაგვიძვირდა“, - ამის შესახებ კოსმეტიკის ბრენდის „ეიფორიას“ დამფუძნებელმა ანა სულაბერიძემ Bm.ge-თან განაცხადა. მისივე თქმით, ბრენდის ხარჯების ზრდა წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის იმპორტზე დამოკიდებულობამ გაზარდა.

„ბოლო წლებში ძალიან შეიცვალა ფასები, გაძვირდა ნედლეული და სხვა საჭირო მასალები, ამის გამო წინა წელს ფასებს მოვუმატეთ, მაგრამ წელს ამას ვეღარ გავაკეთებთ, არ გვინდა მომხმარებლისთვის ძალიან გავაძვიროთ პროდუქცია, შესაბამისად ნედლეულზე ფასების მომატებით კომპანია უფრო ზარალდება.

მთავარი პრობლემა კონკრეტული ინგრედიენტების შემოტანაა, საქართველოში არ ხდება ნედლეულის წარმოება, ამიტომ, ფაქტობრივად, ყველაფერი, რასაც წარმოებაში ვიყენებთ, იმპორტირებულია,"- განაცხადა მან.

გარდა ნედლეულისა, კომპანიას შესაფუთი მასალების იმპორტიც უწევს:"ვინაიდან საქართველოში შესაფუთი მასალები არ იშოვება, შეფუთვაში რასაც ვიყენებთ, ყუთების გარდა, ყველაფერი იმპორტირებულია".

Bm.ge-თან ინტერვიუში დამფუძნებელმა 2022 წელიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ, ყველაფრის მიუხედავად, გასული წელი კომპანიისთვის წარმატებული იყო.

„წინა ორი წლის კვალობაზე, 2022 წელი ბევრად უკეთესი იყო, პანდემიის შემდეგ ბრენდებმა ფეხზე წამოდგომა დავიწყეთ, ხალხიც ბევრად მიეჩვია ჩვენს პროდუქტს და ერთგული მომხმარებელიც შევიძინეთ“, - აღნიშნა ანა სულაბერიძემ.

ცნობისთვის, ბრენდი „ეიფორია“ მეექვსე წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს ხელნაკეთ, ნატურალურ ტანისა და თავის მოვლის საშუალებებს სთავაზობს. „ეიფორია“ პროდუქტს თბილისში აწარმოებს და 10 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. პროდუქციის შეძენა ორ ლოკაციაზე, სავაჭრო ცენტრ „გალერეასა“ და „აქსის თაუერსშია“ შესაძლებელი. იგეგმება მესამე ობიექტის გახსნაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები