მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გაგვიყინეს საბანკო ანგარიშები" - მედიაჰოლდინგი "ჰერეთი" ბიზნესს მხარდაჭერისთვის მიმართავს

რადიო ჰერეთი

მედია ჰოლდინგი „ჰერეთი” აცხადებს, რომ 2025 წლის 25 ივნისს შემოსავლების სამსახურმა გაყინა კომპანიის ყველა საბანკო ანგარიში და დააყადაღა ქონება. ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს რადიო თბილისს, რადიო ჰერეთს და რადიო ციტრუსს, ბიზნესს მხარდაჭერის თხოვნით მიმართავს და კომპანიის გადასარჩენად სთავაზობს 50%-იან ფასდაკლებას ყველა სარეკლამო პროდუქტზე მომდევნო ორი წლის განმავლობაში და სრულ სარეკლამო მხარდაჭერას უფასოდ — ბიზნესებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვნად შეიტანენ წვლილს რადიოჰოლდინგის გადარჩენაში.

როგორც რადიო “თბილისის” დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებლობის ლიცენზიის განახლების პროცესში საჭირო თანხა უკვე გადარიცხულია ბიუჯეტში, შემოსავლების სამსახურმა გაყინა კომპანიის ყველა საბანკო ანგარიში და დააყადაღა ქონება.

მისივე თქმით, დღეს არსებული დავალიანება შეადგენს 395,000 ლარს, რაც სხვადასხვა წლებში დაგროვდა 2012 წლიდან მოყოლებული, რაც მოიცავს:

-სარეკლამო ბაზრის მონოპოლიზაციას, რაც ცალკეულ დამოუკიდებელ მედიას არ უტოვებს განვითარების სივრცეს;

-გემბლინგის რეკლამის აკრძალვას, რომელმაც კომპანიის შემოსავალი ნახევარ მილიონ ლარზე მეტად შეამცირა;

-პანდემიით გამოწვეულ კრიზისს, რის გამოც კომპანია დაკარგა არაერთი მნიშვნელოვანი კორპორაციული კონტრაქტი.

როგორც bm.ge-სთან რამაზ სამხარაძემ განაცხადა, სახელმწიფო სტრუქტურებმა ისინი კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს.

“საბანკო ანგარიშები გაყინეს და ქონება დაგვიყადაღეს იმ ფონზე, როცა გვაქვს ლიცენზიის განახლების პროცესი და შესაბამისი მოსაკრებელი უკვე გადახდილია ბიუჯეტში. ეს ნაბიჯი აშკარად ასახავს არათანაბარ და დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას: სახელისუფლებო მედიასაშუალებების ჯამური საგადასახადო დავალიანება 57 მილიონ ლარს აჭარბებს და მათ ანგარიშებს არავინ უყინავს. ჩვენი მაუწყებლობა უკვე 27 წელია ეთერშია. არასოდეს გამოგვიყენებია პოლიტიკური კავშირები — არც ხელისუფლებასთან და არც ოპოზიციასთან. სწორედ ეს გვაქცევს ყველაზე მოწყვლადებად.

ვინც იცის, როგორ მუშაობს მედიაბაზარი საქართველოში, კარგად აცნობიერებს, რამდენად რთულია დამოუკიდებელი მაუწყებლისთვის კომერციული ფუნქციონირება იმ პირობებში, როცა სარეკლამო ბაზარი მონოპოლიზებულია და სახელმწიფო აფინანსებს მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებულ მედიას. ამიტომ დღეს, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა სიტყვის თავისუფლების - ბიზნესს, მოქალაქეებს - ვთხოვთ დახმარებას. ეს დახმარება მხოლოდ გადარჩენა არ არის - ეს არის სოლიდარობა იმ იდეის მიმართ, რომ მედია უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი ინტერესით და არა მხოლოდ ბიუჯეტზე დამოკიდებული პოლიტიკური დღის წესრიგით. ერთად შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ თავისუფალი მედია ბიზნესთან ერთადაც შეიძლება გადარჩეს“, - განაცხადა რადიო თბილისის დამფუძნებელმა რამაზ სამხარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები