მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაიაფებული გაზი და გაზრდილი ტრანზიტის საფასური – ახალი პირობები "გაზპრომთან"

5c87a5d073678
BM.GE
12.03.19 16:26
930
საქართველოს მთავრობამ რუსულ "გაზპრომთან" ახალი ხელშეკრულების პირობები შეათანხმა. კონტრაქტის გასაფორმებლად დასრულებული მოლაპარაკების შედეგებზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ მედიასთან ისაუბრა.

მისი განმარტებით, ეს საკმაოდ რთული მოლაპარაკებები იყო.

"რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, რაც მდგომარეობდა ჩვენი პოზიციების გაუმჯობესებაში „გაზპრომთან“ შეთანხმებაში, ეს ამოცანა მიღწეულია და ჩვენ მივაღწიეთ გაუმჯობესებას ორივე პოზიციით. მათ შორის სატრანზიტო საფასური, რომელსაც ჩვენ გვიხდიან არის გაზრდილი, ხოლო რუსული გაზის ფასი არის შემცირებული. ეს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბიზნესი დაინტერესდება ამ ალტერნატივით", – განაცხადა მან.

მისივე განმარტებით, რუსულ მხარესთან მოლაპარაკების პროცესში საქართველოს მთავრობამ საკუთარი პრინციპები დაიცვა.

"ჩვენ ვხელმძღვანელობდით ორი ძირითადი პრინციპით და ეს ორი ძირითადი პრინციპი არის ზედმიწევნით დაცული. ეს პირველ რიგში, არის ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება და მეორე ამოცანა იყო ჩვენი პოზიციების გაუმჯობესება. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ბაზრის ორი უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული სეგმენტი - ეს არის მოსახლეობა და ელექტროენერგიის წარმოება სრულად მარაგდება და კვლავაც მომარაგდება აზერბაიჯანული გაზით, აზერბაიჯანი კვლავ რჩება ჩვენ მთავარ მომწოდებლად და სტრატეგიულ პარტნიორად", – განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ მომდევნო წლებში აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მოწოდება საქართველოს ბაზარზე, შაჰ დენიზის მეორე ფაზიდან გამომდინარე, კიდევ გაიზრდება.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ახალი კონტრაქტი მხარეებს შორის ორი წლის განმავლობაში იქნება ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები