მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაიცანით საგრანტო პროგრამის გამარჯვებული - გიორგი სოფრომაძე - (R)

6246e69f48824
BM.GE
01.04.22 15:47
851
გაიცანით საგრანტო პროგრამის 2020 წლის გამარჯვებული მცირე მეწარმე, გიორგი სოფრომაძე. გიორგიმ საგრანტო პროგრამის ფარგლებში ბიზნესის წამოწყება და შშმ პირების ეტლების შალითების წარმოება დაიწყო.

მოგვიყევით თქვენი ბიზნესის შესახებ. რამდენი ხანია რაც ამ საქმიანობით ხართ დაკავებული და რა გამოწვევებს წააწყდით განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე?

რამდენიმე წლის წინ პროექტის ფარგლებში დავიწყე ურთიერთობა საქართველოს ეტლების საწარმოსთან. იქ ყოფნის დროს ხშირად ჩნდებოდა პრობლემა შშმ პირების ეტლების შალითებთან დაკავშირებით, კერძოდ ბევრი გამოწვევა იყო პროდუქტის ხარისხის, ფასის და მიწოდების დროის კუთხით. ამ გამოწვევებიდან გამომდინარე გამიჩნდა იდეა გამეხსნა სამკერვალო.

ბუნებრივია საწარმოს გახსნა გარკვეულ ფინანსებთან იყო დაკავშირებული და დავიწყე ფინანსების მოძიება. 2020 წელს გავიგე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე და გადავწყვიტე შემეტანა ბიზნესიდეის განაცხადი. რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ შევძელი გრანტის მოპოვება და 2021 წლის ზაფხულში დავიწყე ბიზნესსაქმიანობა.

ვინ არის თქვენი პროდუქტისა თუ სერვისის ძირითადი მომხმარებელი?

ამ ეტაპზე საწარმო სრულად ჩართულია შშმ პირების ეტლების შალითების შეკერვაზე, შესაბამისად ჩვენი პროდუქტის და სერვისის ძირითადი მომხმარებელი არის „საქართველოს ეტლების საწარმო“, რომელიც ერთადერთია არამხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაშიც.

რა გამოარჩევს თქვენს პროდუქტსა თუ სერვისს სხვებისგან?

ჩვენს საწარმოში შეკერილი პროდუქტი გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და დაბალი ფასით, ასევე, საწარმოშივე ხდება პროდუქციის ბრენდირება, რაც მის ექსპორტზე რეალიზებას ამარტივებს. ხოლო ის გამოწვევა, რაც მიწოდების დროის ფაქტორთან იყო დაკავშირებული, აღარ არის და მიწოდება ყოველთვის დათქმულ ვადებში ხდება.

რა როლი შეასრულა მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაში მონაწილეობამ თქვენი ბიზნესის განვითარების მხრივ?

როგორც აღვნიშნე, ბიზნესი გრანტის მოპოვების შემდეგ დავიწყე და საკმაოდ დიდი როლი შეასრულა ჩემს საქმიანობაში ფინანსური თვალსაზრისით. რომ არა ეს საგრანტო პროგრამა, შეიძლება დროში ძალიან გაწერილიყო აღნიშნული საქმიანობის წამოწყება. გრანტის მეშვეობით, უმოკლეს დროში მომეცა საშუალება აღმეჭურვა სამკერვალო უახლესი დანადგარებით.

რას ურჩევდით საქართველოში მცხოვრებ მცირე და მიკრო მეწარმეებს?

ჩემი აზრით, ნებისმიერი იდეა განხორციელებადია, თუ არსებობს სურვილი. რაც შემიძლია რჩევის სახით იქნებოდა, რომ არ უნდა შეუშინდეთ დაბრკოლებებს და მუდმივად იყავით განვითარებაზე ორიენტირებულები.

გთხოვთ, გაუზიაროთ თქვენი მოსაზრებები მიმდინარე პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებულ აპლიკანტებს განაცხადის შევსების პროცესზე.

ქართულ რეალობაში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ როლი დამწყები მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარებაში საკმაოდ დიდია. აპლიკანტებს ვურჩევდი პირველ რიგში მოახდინონ თავიანთი იდეის საუკეთესო ფორმულირება და შემდეგ მოამზადონ ამომწურავი და გამართული ბიზნესგეგმა.

გაქვთ თუ არა სამომავლო გეგმები თქვენი ბიზნესის განვითარების კუთხით?

ზემოთ, როგორც აღვნიშნე, მიმაჩნია, რომ ბიზნესი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს. უახლოეს მომავალში ვგეგმავ ახალი პროფილის დამატებას, რაც მოიცავს სპეციალური ტანსაცმლის შეკერვას სხვადასხვა საქმიანობის მიმართულებით (მაგ: შემდუღებლის სრული ეკიპირება და ა.შ.).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები