მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაიგე, როგორ მოიპოვო "საქართველოს" ბანკის სტიპენდია თავისუფალ უნივერსიტეტში - ინტერვიუ გიგა ბედინეიშვილთან

საქბანკი
BM. GE
27.10.23 13:06
97
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკი, მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მიზნად ისახავს, ხარისხიანი განათლება რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა ახალი მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, მოტივირებულ და შრომისმოყვარე სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს ბანკის პარტნიორ უნივერსიტეტებში სწავლობენ, შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სწავლის 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება. სტიპენდიის მისაღებად საწყის ეტაპზე მთავარი მოთხოვნაა, რომ სტუდენტი იყოს საქართველოს მოქალაქე და სწავლობდეს იმ მიმართულებაზე, რომელიც საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ფინანსდება.

სტიპენდიატების შერჩევის კრიტერიუმებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები თავად ადგენენ, რომელთა შორის, ერთ-ერთი თავისუფალი უნივერსიტეტია. რომელი კრიტერიუმებით იგეგმება თავისუფალ უნივერსიტეტში სტიპენდიის გაცემა და ზოგადად, რას სთავაზობს უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს, ამის შესახებ თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი, გიგა ბედინეიშვილი ვრცლად გვესაუბრა.

“თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად შეირჩევა სტიპენდიატები შემდეგი მიმართულებიდან:

  • ბიზნესის ადმინისტრირება;
  • კომპიუტერული მეცნიერება და მათემატიკა;
  • ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერია;
  • შენობის სისტემების ინჟინერია;
  • ფიზიკა;
  • არქიტექტურა.

უნივერსიტეტის მხრიდან სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც განსაზღვრავს, რომელ სტუდენტს უნდა მიეცეს სტიპენდია. ორივე უნივერსიტეტში საბოლოო გადაწყვეტილება აკადემიურ მოსწრებაზე იქნება დაფუძნებული, ანუ დაფინანსდება სტუდენტი, რომელიც საუკეთესო შედეგებს აჩვენებს. ჯერჯერობით ორი კრიტერიუმია: აკადემიური მოსწრება და საქართველოს მოქალაქეობა“, - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.

როგორც აღნიშნავს, სასტიპენდიო კონკურსში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ბიზნესის პროგრამაა. ბიზნესის სკოლა ESM-ის ისტორია ჯერ კიდევ 1992 წლიდან იწყება. 2007 წლიდან კი ბიზნესის სკოლა თავისუფალი უნივერსიტეტის შემადგენლობაში შევიდა. საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის საბაკალავრო პროგრამა მსგავს მიმართულებებს შორის ყველაზე მოთხოვნადია. ამის მიზეზი კი ის მიდგომაა, რომელსაც თავისუფალი უნივერსიტეტი ბიზნესის სკოლის სტუდენტებს სთავაზობს.

„ბიზნესადმინისტრირება თუ ბიზნესის მენეჯმენტი როგორც პროფესია, არ საჭიროებს ბევრ საუბარს იმასთან დაკავშირებით, რამდენად მნიშვნელოვანი, პოპულარული და მოთხოვნადია. ჩვენს მიდგომას რაც შეეხება, ვცდილობთ, რომ ჩვენი პროგრამიდან ისეთი ადმინისტრატორები გამოვიდნენ, რომლებსაც კომპეტენტური ტექნიკური განათლება და ამავდროულად, ზოგადი განათლების აუცილებელი მინიმუმიც ექნებათ, რომლის გარეშეც ეფექტური მენეჯერი ან ეფექტური ადმინისტრატორი ვერ გახდები.

ამასთან, ვცდილობთ, ჩვენს სტუდენტებს კარგად ესმოდეთ, რომ როგორც მენეჯერისთვის ან როგორც ადმინისტრატორისთვის მთავარი პრიორიტეტია, ღირებულება გაუზარდო კომპანიას. შესაბამისად, გვინდა, რომ ჩვენი მენეჯერები და ჩვენი ადმინისტრატორები ღირებულებების შექმნაზე იყვნენ ორიენტირებულები, რასაც ეტყობა, კარგად ვაკეთებთ იმიტომ, რომ ჩვენი სტუდენტები მე-3 და მე-4 კურსზე უკვე დასაქმებულები არიან. ბიზნესის ადმინისტრირების დიპლომი და ხარისხი ამ ძალიან ცვლად გარემოში, რომელიც ახლა მთელს მსოფლიოში გვაქვს, უნივერსალური და ადაპტირებადი ცოდნა და განათლებაა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ბიზნესის პროგრამა კარგი არჩევანია და შესაბამისად, ჩვენც ვცდილობთ, ამ მუდმივად ცვალებად გარემოს მოვერგოთ”, - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.

მათ, ვინც უკვე გადაწყვიტა სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობა, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი შემდეგ რჩევას აძლევს:

“მთავარი კრიტერიუმი აკადემიური მოსწრებაა, ამიტომ ეს სტიპენდია ძალიან კარგ მოტივაციას ქმნის. სტიპენდიის მისაღებად მეტი შრომა, მეტი ინტენსიური მეცადინეობა, მეტი ფოკუსი და კონცენტრირება იქნება საჭირო. დარწმუნებული ვარ, ამ სტიპენდიისთვის ძალიან ბევრი საინტერესო და წარმატებული კანდიდატი გვეყოლება”, - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასტიპენდიო პროგრამა ერთწლიანი არ არის და საქართველოს ბანკი წარმატებულ სტუდენტებს მომავალშიც დააფინანსებს. გარდა ამისა, სამომავლოდ, საქართველოს ბანკი თანამშრომლობას სხვა უნივერსიტეტებთანაც გეგმავს, რათა სტიპენდიის მოპოვების თანაბარი შანსი უფრო მეტ სტუდენტს ჰქონდეს.

თავისუფალ უნივერსიტეტში საქართველოს ბანკის სტიპენდიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა (freeuni.edu.ge)

საქართველოს ბანკის სტიპენდიების შესახებ ინფორმაციის მიღება ასევე შეგიძლიათ ვებგვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები