მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გაიცანი საქართველო" - ემიგრაციაში შექმნილი პლატფორმა "გზამკვლევი" ახალ სერვისს ამატებს

gzamkvlevi

პლატფორმა "გზამკვლევი", რომელიც ემიგრაციაში მედეა მამფორიამ, მეუღლესა და პარტნიორთან ერთად შექმნა, განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და მომხმარებლებს ახალ სერვისს – „გაიცანი საქართველო“ სთავაზობს.

როგორც პლატფორმის დამფუძნებელი მედეა მამფორია BM.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს, სერვისი „გაიცანი საქართველო“ უახლოეს დღეებში ჩაეშვება და უცხოელ მომხმარებლებს საქართველოს შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ინგლისურ და ესპანურ ენებზე მიაწვდის.

მისი განმარტებით, ინიციატივა მიზნად საქართველოს, მისი კულტურისა და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას ისახავს.

„ახალი სერვისი "გაიცანი საქართველო" საქართველოსა და მისი კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება. ეს იქნება "გზამკვლევის" ნაწილი - სპეციალური ღილაკი, რომლის საშუალებითაც უცხოელი მომხმარებელი მიიღებს ინფორმაციას, რატომ უნდა იმოგზაუროს საქართველოში, რა ღირსშესანიშნაობები უნდა ნახოს და რომელი ქალაქებია ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი“, – ამბობს მედეა მამფორია.

მისი თქმით, „გზამკვლევის“ შექმნის იდეა ემიგრაციაში ცხოვრების პირად გამოცდილებას უკავშირდება. მედეა მამფორია უკვე მეშვიდე წელია ოჯახთან ერთად ესპანეთში ცხოვრობს. მისივე განმარტებით, თავდაპირველად პლატფორმა მხოლოდ ემიგრანტებზე იყო ორიენტირებული, თუმცა მუშაობის პროცესში გუნდი მიხვდა, რომ „გზამკვლევი“ ეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება ყოფილიყო მოგზაურებისთვისაც.

„დაახლოებით სამი-ოთხი წლის შემდეგ, რაც ესპანეთში გადმოვედით საცხოვრებლად, დავიწყე ამ იდეაზე ფიქრი. ყველაფერი, რასაც დღეს გზამკვლევი წარმოადგენს, ჩვენი პირადი გამოწვევებით არის შთაგონებული. იდეა ეტაპობრივად იხვეწებოდა და დღემდე მუდმივად ემატება ახალი სერვისები და კატეგორიები.

მივხვდით, რომ გზამკვლევი არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ ემიგრანტებისთვის. დღეს ის განკუთვნილია როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანებისთვის, ისე მოგზაურებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მიდიან და წინასწარ სურთ საჭირო ინფორმაციის მიღება. ჩვენი მიზანია, გავამარტივოთ წვდომა ყველა იმ აუცილებელ სერვისზე, რაც საზღვარგარეთ ყოფნისას ხდება საჭირო. ინფორმაცია უფასოა და გადამოწმებული - პირადად ვესაუბრებით ყველა იმ ადამიანს, ვისი მონაცემებიც პლატფორმაზე განთავსდება, სანდოობა რათა მაქსიმალურად იყოს დაცული", – აცხადებს მამფორია.

როგორც ის ჩვენთან საუბრისას ამბობს, საწყისი კაპიტალი სრულად საკუთარი ინვესტიცია იყო, თუმცა ცოტა ხნის წინ გრანტი მოიპოვეს და მხოლოდ საქართველოს მიმართულებით სერვისის განვითარება დაახლოებით 30 000 ლარს გადააჭარბებს.

მედეა მამფორია აცხადებს, რომ მათი სერვისი ამ ეტაპზე სრულიად უფასოა და ბაზისური ინფორმაციები ბოლომდე უფასო დარჩება. ხოლო, პლატფორმის მონეტიზაცია ემიგრანტი მეწარმეებისთვის ფასიანი განცხადებებისა და სერვისების პაკეტების შეთავაზებით ხდება. ამასთან, „გზამკვლევი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან, მათ შორის ფულადი გზავნილების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან.

ამ ეტაპზე პლატფორმაზე ოთხი ადამიანი აქტიურად არის დასაქმებული, ხოლო დამატებით, დროებითი ხელშეკრულებით, ხუთი თანამშრომელი მუშაობს ინფორმაციის მოძიებასა და ვებ-საიტზე განთავსებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები